გორგოძე კარლსრუეს ტურნირის 1/4 ფინალში დამარცხდა
Aa
Aa

გორგოძე კარლსრუეს ტურნირის 1/4 ფინალში დამარცხდა

ეკატერინე გორგოძემ გერმანიის ქალაქ კარლსრუეში მიმდინარე 125 000-იან საერთაშორისო ტურნირზე გამოსვლა 1/4 ფინალურ ეტაპზე დაასრულა. ქართველი ჩოგბურთელი რუმინელ პატრისია მარია ტიგთან ორ სეტში დამარცხდა.

გორგოძე მატჩში შესანიშნავად შევიდა და ადრეული ბრეიკით დაწინაურდა, რის შემდეგაც უპირატესობას დამაჯერებლად ინარჩუნებდა და მეტოქისთვის ბრეიკ-პოინტიც არ მიუცია. 5:3-ზე, სეტზე ჩაწოდებისას კი პრობლემები შეექმნა, საკუთარი ჩაწოდება დაკარგა, რამაც თამაშის სადავეები მთლიანად რუმინელის მხარეს გადაიყვანა.

ტიგმა ანგარიშიც გაათანაბრა, შემდეგ კიდევ ერთი ბრეიკი შეასრულა და სეტებში დაწინაურდა, რასაც მეორე სეტში ცალ კარში თამაში მოჰყვა - 7:5; 6:0. აღსანიშნავია, რომ შეხვედრაში გათამაშებული ბოლო 11 გეიმი (!!!) რუმინელმა ჩოგბურთელმა ზედიზედ მოიგო.

ეკატერინე გორგოძე WTA-ს ამჟამინდელ რეიტინგში 194-ე ადგილზეა და კვლავაც საქართველოს ნომერ პირველ ქალ ჩოგბურთელად რჩება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები