გორგოძე კარლსრუეს ტურნირის 1/4 ფინალში გავიდა
Aa
Aa

გორგოძე კარლსრუეს ტურნირის 1/4 ფინალში გავიდა

ქართველმა ჩოგბურთელმა, ეკატერინე გორგოძემ, გერმანიის ქალაქ კარლსრუეში მიმდინარე 125 000-იან ტურნირზე 1/8 ფინალური მატჩი რთულ ბრძოლაში მოიგო და მეოთხედფინალში გავიდა.

გორგოძის მეტოქე ჰოლანდიელი ბიბიან შუფსი გახლდათ, რომელიც შეხვედრის ფავორიტად ითვლებოდა. ამის მიუხედავად, თამაშის მიმდინარეობას სრულად ქართველი აკონტროლებდა.

ეკო პირველ სეტში 2 ბრეიკით, 5:2-ს იგებდა, თუმცა მოწინააღმდეგეს ანგარიშის გათანაბრების საშუალება მისცა, რის შემდეგაც ზედიზედ 2 გეიმი აიღო და ანგარიშში დაწინაურდა.

მეორე პარტიაში შუფსმა თამაში ოდნავ გამოასწორა და ბრეიკით 3-ჯერ დაწინაურდა, თუმცა გორგოძემ მას წერტილი არ დაასმევინა და მატჩი ორ სეტში - 7:5; 7:5 დაასრულა.

გორგოძე 1/4 ფინალში რუმინელ პატრიცია მარია ტიგს შეხვდება, რომელმაც ამ სტადიამდე სეტწაუგებლად გააღწია. ჩოგბურთელები თავიანთ პირველ ურთიერთშეხვედრას ხვალ ჩაატარებენ.

შეგახსენებთ, რომ გორგოძემ, რომელიც ამჟამად მსოფლიოს 194-ე ჩოგანია, ტურნირის პირველ რაუნდში პირველ ნომრად განთესილ ტამარა ზიდანშეკს აჯობა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები