Aa
Aa

ბასილაშვილი ჰამბურგის ტურნირზე ტიტულის დასაცავად ემზადება

გასული წლის ივლისში ნიკოლოზ ბასილაშვილმა ქართული ჩოგბურთის ისტორია დაწერა და დამოუკიდებლობის შემდეგ ჩვენი ქვეყნის პირველი წარმომადგენელი გახდა, რომელმაც ATP-ს ტიტული მოიგო. მან ეს გერმანიის ქალაქ ჰამბურგში 500-იან ტურნირზე გააკეთა.

ნიკა წლევანდელ ტურნირზე ქულების დასაცავად ემზადება და ჰამბურგში მოქმედი ჩემპიონის რანგში, რა თქმა უნდა, განსაკუთრებული ყურადღების ფონზე ჩავიდა.

ბასილაშვილი წლევანდელ გათამაშებაზე მე-4 ნომრადაა განთესილი და პირველ რაუნდში ბოლივიელ კვალიფიკანტ უგო დელიენს შეხვდება.

დელიენის ბარიერის დაძლევის შემთხვევაში, ბასილაშვილი 1/8 ფინალში ხუან იგნასიო ლონდეროსა და სალვატორე კარუზოს მატჩში გამარჯვებულს შეხვდება, 1/4 ფინალში მოწინააღმდეგე კი, დიდი ალბათობით, ფრანგი იქნება - ჟერემი ჩარდი, ბენუა პერი ან რიშარ გასკე.

ჰამბურგის ტურნირზე პირველ ნომრად დომინიკ ტიმია განთესილი, მეორე ნომერი ალექსანდრ ზვერევია, რომელიც, შესაძლოა, ქართველს 1/2 ფინალში შეხვდეს, მე-3 ნომერი კი ფაბიო ფონინი გახლავთ.

შეგახსენებთ, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილს ჰამბურგში 500 სარეიტინგო ქულა აქვს დასაცავი. დღეს გამოქვეყნებულ განახლებულ მსოფლიო მსოფლიო რეიტინგში ქართველი მე-16 ადგილზეა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები