Aa
Aa

ტონი ნადალი: „რაფასთვის უკეთესი იყო, რომ უიმბლდონის ფინალში ჯოკოვიჩს მოეგო"

როჯერ ფედერერი და რაფაელ ნადალი ღია ერაში დიდი სლემის ტიტულებით პირველ ორ ადგილზე არიან, მათ პაექრობაში კი ნოვაკ ჯოკოვიჩიც ჩაერთო, რომელიც ფედერერს - 4-ით, ხოლო ნადალს 2 სლემით ჩამორჩება.

ესპანელი ვარსკვლავის ბიძისა და მწვრთნელის, ტონი ნადალის, განცხადებით, უიმბლდონის ფინალში ჯოკოვიჩის გამარჯვება მისი ძმისშვილისთვის კარგი ამბავია, რადგან ახლა სამეულს შორის კიდევ უფრო დიდი სიმჭიდროვე და კონკურენციაა. ტონიმ 2008 წლის ფინალიც გაიხსენა და აღნიშნა, რომ ის შეხვედრა წლევანდელ ფინალზე უკეთესია.

„რაფასთვის უკეთესი იყო, რომ უიმბლდონის ფინალში ჯოკოვიჩს მოეგო, რადგან ახლა სამივე უფრო ახლოსაა და კონკურენციაც გაიზარდა.

ყველა საჩოგბურთო ინგრედიენტი გვქონდა, რაც დიდ მატჩებს სჭირდება, ფედერერის ორ მატჩ-პოინტთან და ხანგრძლივობასთან ერთად. თუმცა, მონაცემები გვიჩვენებს, რომ 2008 წლის ფინალი უკეთესი იყო.

ტურნირის დაწყებამდე რაფას ვუთხარი, რომ ის ტიტულის მოგებასთან ახლოს იქნებოდა, რადგან რომში და როლან გაროსზე საუკეთესო შედეგებს მიაღწია, რაც მის ბრწყინვალე მენტალურ მომზადებაზე მიუთითებდა.

მან ფედერერთან ნახევარფინალში თავისი მაქსიმუმი ვერ გამოავლინა, სხვა შეხვედრებში გაცილებით უკეთესად გამოიყურებოდა.

დღევანდელი გადმოსახედიდან, ჯოკოვიჩი ამერიკის ღია პირველობის ფავორიტად მიმაჩნია. მან წელს დიდი სლემის ორი ტურნირი - ავსტრალიის ღია პირველობა და უიმბლდონი მოიგო, მაგრამ სამეული ერთმანეთთან ძალიან ახლოსაა და თითოეულს მაღალი შანსები აქვს“.

ტონი ნადალი რაფას 3 წლიდან ავარჯიშებს და მის წარმატებულ კარიერაში უდიდესი წვლილი აქვს. მწვრთნელის რანგში მოგებული დიდი სლემის 18 ტიტულით, ტონი ნადალი ჩოგბურთის ისტორიაში საუკეთესო სპეციალისტია.

ასევე დავამატოთ, რომ ტონი, ცნობილი ესპანელი ფეხბურთელის, მიგელ ანხელ ნადალის, უფროსი ძმაა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები