ცხოვრება კუნძულზე, სარიბოლი და კლასიკური მუსიკა
Aa
Aa

ცხოვრება კუნძულზე, სარიბოლი და კლასიკური მუსიკა

ირაკლი მაისურაძეს თემურ ქეცბაია საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ხშირად იწვევდა და ქომაგს თავი ნაკრებში ყოფნის პერიოდში გააცნო. საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში ასპარეზობის შემდეგ ამპლუით ნახევარმცველმა მალტაზე, უნგრეთში და კვიპროსზე ითამაშა. გასული სეზონი კვიპროსულ ''პარალიმნიში'' გაატარა და გუნდის შემადგენლობაში რეგულარულად ასპარეზობდა.

გასული სეზონის მიწურულს მაისურაძის გუნდი კვიპროსის უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნებისთვის იბრძოდა და ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი შეხვედრა ბოლოსწინა ტურში ''პაფოსთან'' ჩაატარა. ქვემოთ მოცემულ დღიურში ''ანორთოსისის'' ყოფილი ფეხბურთელი პროფესიულ კარიერაზე, ცხოვრებისეულ თემებსა და მის სხვადასხვა ინტერესებზე მოგვითხრობს. დღიური ჩაწერილია სეზონის მიწურულს, როცა მისი გუნდი კვიპროსის უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნებისთვის იბრძოდა და ამოცანა წარმატებით შეასრულა.

პირველი დღე

დილით მეუღლემ გამაღვიძა. თვენახევრის წინ შვილი შეგვეძინა, ნიკა ყოველდღე 4-ის ნახევარზე გვაღვიძებს ხოლმე. მას რაღაც აწუხებდა და მეუღლე მარტო ვერ გაუმკლავდა. დავაძინეთ, დავაშოშმინეთ და ძილი შევიბრუნეთ. დილის 7 საათზე ბავშვს ჭამა უწევდა. ავდექით, ვაჭამეთ, ასე დაიწყო ჩვენი დილა. ბავშვზე ვართ გადართულები. ვიდრე მოვწესრიგდი და მოვემზადე, მეუღლემ საუზმე გაამზადა, ჩავედი, ვისაუზმე, ბავშვს უკვე ეძინა.

მწვრთნელმა ვარჯიში საღამოს დაგვინიშნა. ამიტომ სახლში ვივარჯიშე. ვარჯიშის შემდეგ შხაპი მივიღე, შემდეგ კი ბერძნულ ენაში ვიმეცადინე. კვიპროსზე ყველა ინგლისურად ლაპარაკობს, თუმცა აქ შვილი მეზრდება და ბერძნულის სწავლა მნიშვნელოვანია. ინტერნეტში Duolingo-ს პროგრამა ვნახე, რომელიც ბერძნული ენის სწავლაში მეხმარება. თავისუფალ დროს ვმეცადინეობ და გარკვეული შედეგიც მაქვს, ყველაფერი მესმის და ნელ-ნელა რაღაცებს ვლაპარაკობ. მეცადინეობას მოვრჩი და  სპორტულ პრესას გავეცანი, ზოგმა სტატიამ გამახარა, ზოგმა კი გამაბრაზა.

ბავშვი პედიატრთან წავიყვანეთ, მცირე ხნით ლოდინის შემდეგ ექიმმა მიგვიღო. ექიმი ჩვენი ოჯახის ახლობელია, ყველაფერი კარგად იყო, რაც მთავარია ბავშვი ჯანმრთელია. სახლში დაბრუნების შემდეგ ტრადიციული ოჯახური ლანჩი გვქონდა. დიდი ოჯახი ვართ და ლანჩზე ყველანი ვიკრიბებით ხოლმე. ბურღულეული ვჭამე. ჩემი მეუღლის ძმას შვილები ჰყავს, მათთან წავითამაშე. მეუღლის ძმაა, მაგრამ ისე თბილად მიმიღო, რომ ძმასავითაა. მთელს ოჯახზე მხოლოდ კარგის თქმა შემიძლია.სტანდარტული ფრაზების გარეშე ვამბობ.

შუადღეს დავიძინე. შუადღის ძილი მომწონს. ხუთ საათზე გავიღვიძე და ვარჯიშზე წასასვლელად მოვემზადე. ახლა ლარნაკაში ვცხოვრობ და მანქანით პარალიმნიში 40 წუთში ჩავდივარ. გზაში კლასიკურ მუსიკას ვუსმენდი და ათას რამეზე ვფიქრობდი. მარტო მგზავრობა მეზარება, მაგრამ მიწევს ხოლმე. კლასიკური მუსიკა ძალიან მომწონს, რასაც ვერ ვიტყვი თანამედროვე მუსიკაზე. კლასიკური მუსიკა მაწყნარებს, თან მსიამოვნებს.

ვარჯიშზე გამოვცხადდი. მისალმება, ხუმრობა, ზოგი მისაღები, ზოგი კი არმისაღები, ზოგი სასაცილო, ზოგი არასასაცილო. მოკლედ როგორც ხდება ხოლმე. მწვრთნელმა თეორიული მეცადინეობა ჩაგვიტარა, შემდეგ კი თამაშის შესახებ ვისაუბრეთ. უმნიშვნელოვანესი შეხვედრა გვაქვს სტუმრად ''პაფოსთან.'' უმაღლეს ლიგაში დარჩენის საკითხი წყდება და გამარჯვება ძალიან გვჭირდება. ვნახეთ ''პაფოსთან'' წინა თამაშის კადრები. როგორც იტყვიან მთავარმა მწვრთნელმა ''დაგვქოქა,'' სიკვდილ-სიცოცხლის ტოლფასი თამაშიაო და ასე შემდეგ. მინდორზე გავედით, ვარჯიშზე აქცენტი გამძლეობასა და სისწრაფეზე გაკეთდა, რასაც ინდივიდუალური ვარჯიშები და აღდგენითი პროცედურები დაემატა.

ჩემს თანაგუნდელს პარალიმნისთან ახლოს პროტარასში ბარი აქვს. პროტარასი დაახლოებით ჩვენებური ქობულეთია. ჰამბურგერებზე დაგვპატიჟა. სხვათაშორის გემრიელი ჰამბურგერი იყო. დავჯექით, ვჭამეთ, ვისაუბრეთ, მოვილხინეთ.

მანქანაში ჩავჯექი და სახლში დავბრუნდი. ''ჩელსის'' თამაშის ყურება ძალიან მაინტერესებდა. ვგულშემატკივრობ მაურიციო სარის, როგორც მწვრთნელი ძალიან მომწონს, მინდა წარმატებას მიაღწიოს. არ მინდა, რომ გაუშვან, რადგან შეიძლება კიდევ ერთი ლამაზი ფეხბურთის მიმდევარი მწვრთნელი უმუშევარი დარჩეს. როგორც გულშემატკივარს ჩემი ინტერესები მაქვს.

მეორე დღე

გუშინდელისგან განსხვავებით დღევანდელი დღე 4-ის ნახევარზე არ დაწყებულა. არ ვიცი ნიკას რა მოუვიდა, 7 საათამდე ეძინა. 7 საათზე გავიღვიძეთ, ნიკას ვაჭამეთ. რადგან საქმე არ გვქონდა და წასასვლელები არ ვიყავით, ძილი შევიბრუნეთ და კარგად გამოვიძინეთ. 10 საათზე გავიღვიძეთ, მეუღლემ ბავშვი პირველ სართულზე ბებიასთან ჩაიყვანა. ჩვეულებრივად, ისევ საუზმე და შემდეგ ვარჯიში. 

მეუღლე აფთიაქში წავიდა, მე ბავშვთან დავრჩი, ვაჭამე და კარგი მამის როლში გამოვედი. მომწონს ბავშვთან ფუსფუსი. ბევრისგან მსმენია, რომ იღლებიან და ვერ ეგუებიან, მაგრამ მე მახარებს მონაწილეობის მიღება ბავშვის აღზრდაში, თან ცოლს ვუმსუბუქებ დატვირთვას. ბავშვი ეზოში გავასეირნე. მეუღლესთან ვცხოვრობ, რადგან მას სჭირდება დედის დახმარება ბავშვის აღზრდაში. პარალიმნიში ვცხოვრობდით, მაგრამ რაც ბავშვი შეგვეძინა, ცოლს დახმარება სჭირდება და ლარნაკაში ვართ ხოლმე.

თავისუფალ დროს სერიალებს ვუყურებ.  ჩემი ფავორიტი სერიალებია ''შავი სია,'' ვიკინგები,'' ''ალესილი კეპები'' და ''სამეფო კარის თამაშები,'' თუმცა ნიკა წამოგვეზარდა და სერიალებისთვის ხშირად ვერ ვიცლი. ძალიან მომწონს ქართული სერიალი ''ცხელი ძაღლი,'' რომელშიც იმ პერიოდში საქართველოში არსებული რეალობა კარგადაა  აღწერილი. მსახიობებიც შესანიშნავად თამაშობენ.

რაც შეეხება კლასიკურ მუსიკას, პაგანინსა და ყანჩელს გამოვარჩევ. მომწონს ''შერეკილებში'' შესრულებული მუსიკა ''ის აქ არის.'' კვიპროსზე ახლობელი მყავს, რომელიც ოპერის მოქმედი მომღერალია. კონცერტებზე გვპატიჟებს ხოლმე. ფეხბურთის გამო ბევრ რამეს მოწყვეტილი ვიყავი, ახლა კი მინდა, რომ მუსიკა, პოეზია და ზოგადად ხელოვნება ''დავამუღამო.''

წავიკითხე სტატიები, ისევ და ისევ ზოგი მახარებს, ზოგი მაბრაზებს, მოკლედ ჩემს სტიქიაში ვარ, ზოგს ვეთანხმები, ზოგს - არა.

ოჯახური ''ლანჩის'' შემდეგ დავიძინე, გავიღვიძე და ვარჯიშზე წასასვლელად მოვემზადე. ისევ გზა, ისევ ნახსენები კლასიკური მუსიკა. სტადიონზე მივედი, ზოგი ''გრეხედბოლს'' თამაშობდა, ზოგი ტრენაჟორზე ვარჯიშობდა, დანარჩენები კი ლაპარაკობდნენ.

ვარჯიში ნაკლებად ინტენსიური იყო, აქცენტი ტაქტიკაზე გაკეთდა. მცირე ინცინდენტიც მოხდა, მთავარმა მწვრთნელმა ორი გუნდელი ვარჯიშიდან გაააგდო. ჩემთვის უსაფუძვლო იყო მწვრთნელის გადაწყვეტილება, მაგრამ მან თავისი საქმე იცის. მწვრთნელმა კიდევ ერთხელ აგვიხსნა, რომ წინ ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა გველოდა.

აღდგენითი პროცესი რომ დასრულდა, უკვე შებინდებული იყო. სახლში მოვედი, ვჭამე, ბავშვს მოვეფერე. დაძინებამდე აფრიკულ ზღარბს ვაჭამე, რომელიც პატარაა, მაგრამ როცა შია ყველაფერს ანგრევს. ასევე ბევრი კატა გვყავს, მათაც ვაჭამე.

დასრულდა დღე. 11 საათზე დავიძინეთ.

მესამე დღე

მეუღლემ 9 საათზე გამაღვიძა, დაქალთან წავიდა, მე კი ბავშვს ვაჭამე, მოვუარე. ''ლანჩზე'' ისევ შევიკრიბეთ მთელი ოჯახი.

ბოლო პერიოდში მხატვრულ ლიტერატურას აღარ ვკითხულობ, სასულიერო ლიტერატურით დავინტერესდი. ამჟამად ბერძენი ბერის, მამა პაისის ცხოვრებას ვეცნობი. ძალიან საინტერესო წიგნია, რადგან მძიმე წასაკითხი არაა და ცხოვრებისეული მომენტები კარგადაა აღწერილი. ეს წიგნი ქართულად ვერ ვნახე, რუსულ ენაზე ვკითხულობ.

დღეს ვარჯიში შედარებით ადრე დაგვინიშნეს და დასვენებისთვის დიდი დრო არ მქონდა. კარგად დასვენება არ გამოვიდა, ჩავჯექი მანქანაში და პარალიმნისკენ წავედი.

ჩვეულებრივად გუნდი ერთი საათით ადრე შეიკრიბა. თეორიული მეცადინეობისა და ვარჯიშის შემდეგ პაფოსში წავედით. ჩვენს პრეზიდენტს პაფოსში სასტუმროები აქვს და ერთ-ერთში დავბინავდით. ვჭამეთ, კარგი ''შვედური მაგიდა'' იყო.

''პაფოსს'' ჩემპიონატისა და თასის მატჩების ჩათვლით ხუთჯერ შევხვდით, თუმცა არ მოგვიგია. თასის გათამაშებიდან მეტოქის მოედანზე გატანილი გოლის წყალობით გამოვაგდეთ. გამარჯვება ძალიან გვჭირდება, განსაკუთრებული შემართებით გავალთ მინდორზე. იმედი მაქვს მოვიგებთ და ნავსს გავტეხავთ.

მეოთხე დღე

9 საათზე მთელმა გუნდმა ვისაუზმეთ. შემდეგ ოთახში დავბრუნდი და კარგად დავისვენე. პირველ საათზე ''ლანჩზე'' ჩავედი. ჭამის შემდეგ ზღვის პირას გავისეირნეთ. დავსხედით, ვისაუბრეთ.

4 საათისთვის გუნდი შეიკრიბა და მწვრთნელმა დარიგეგები მოგვცა. კლუბის პრეზიდენტიც იმყოფებოდა, გაგვამხნევა და პრემიებსაც დაგვპირდა.

5 საათისთვის სტადიონისკენ წავედით. მივედით, ჩანთები გასახდელში დავალაგეთ და მოედანზე გავედით.  ბალახის საფარი მართლაც იდეალურ მდგომარეობაში იყო. ზოგადად კვიპროსის ჩემპიონატში ყველა გუნდს კარგი მინდორი აქვს, თუმცა ეს განსაკუთრებულად კარგ მდგომარეობაში იყო.

გუნდში ძალიან კარგი განწყობა იყო. ჩემი თანაგუნდელები ზეწოლას არ გრძნობდნენ, ხალისიანები იყვნენ.

თამაშის წინ კაპიტანი სიტყვით გამოვიდა და გაგვამხნევა. პირველი ტაიმი 0:0 დასრულდა, დაძაბული თამაში იყო. სატურნირო მდგომარეობიდან გამომდინარე მეტოქეს ქულა არ სჭირდებოდა, თუმცა თასიდან გამოგდების გამო ''პაფოსის'' ფეხბურთელები ჩვენზე გაბრაზებულები იყვნენ და ეს იგრძნობოდა.

View this post on Instagram

Some of my best moments from the game against pafos fc ????????????????♥️ @superpollo_ds

A post shared by Irakli Maisuradze (@iraklimaisuradze67) on May 29, 2019 at 9:37am PDT

შესვენების შემდეგ ორი გოლი შევაგდეთ, მეტოქე ''გავტეხეთ'' და 3 ქულა ავიღეთ.

თამაშის დასრულების შემდეგ ძალიან გახარებულები ვიყავით. მატჩის შემდეგ ინტერნეტ-გაზეთს ვესაუბრე, შემდეგ ავტობუსში ჩავსხედით და პარალიმნისკენ წავედით.

გამარჯვება არ გვიზეიმა, მეორე დღეს ვარჯიში გვქონდა. ასე დამთავრდა დღე, ძალიან სასიხარულო დღე.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები