Goal-მა ოქროს ბურთის რეიტინგი განაახლა | რომელ ადგილზეა ხვიჩა კვარაცხელია
მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი „ჩელსის“ ტრიუმფით დასრულდა. „არისტოკრატებმა“ ფინალში „პარი სენ-ჟერმენი“ 3:0 გაანადგურეს და გადამწყვეტი შეხვედრის შემდეგ Goal-მა „ოქროს ბურთის“ პრესტიჟული ჯილდოს საკუთარი რეიტინგი განაახლა.
პსჟ-ის ქართველი ფეხბურთელი, ხვიჩა კვარაცხელია, კვლავინდებურად, ტოპ 10-ში იმყოფება. საკლუბო მსოფლიოს დაწყებამდე „კვარა“ მეცხრე პოზიციას იკავებდა და, ბოლო მონაცემებით, ისევ ამ ადგილზეა.
„კვარაცხელიას გოლებისა და საგოლე გადაცემების სტატისტიკა მთლად კარგად არ აღწერს დონეს, რომელიც მიმდინარე სეზონში აჩვენა. ქართველმა გარემარბმა ორი სხვადასხვა კლუბის — პარი სენ-ჟერმენისა და „ნაპოლის“ — ტრიუმფებში შეიტანა წვლილი და ამავდროულად მნიშვნელოვანი როლი ითამაშა გუნდში, რომელმაც ჩემპიონთა ლიგა მოიგო.
ევროტურნირზე კვარაცხელიამ რამდენიმე ეფექტური და ამაღელვებელი მომენტი შემოგვთავაზა. ყველაზე გამოსარჩევი მეოთხედფინალში „ასტონ ვილასთან“ გატანილი საოცარი გოლია, რომელმაც „ოქროს ბურთის“ ხმის მიმცემთა ყურადღება მიიქცია და „კვარა“ ნომინანტებს შორის აუცილებლად მოხვდება“, — წერს Goal.
ცნობილი გამოცემის მიხედვით, „ოქროს ბურთის“ დასაკუთრების ფავორიტი ისევ უსმან დემბელეა. მეორე ადგილზე ლამინ იამალი იმყოფება, ვიტინია კი მესამე გახლავთ. ვიტინიას რაფინია მოსდევს, მოჰამედ სალაჰი მეხუთეზეა, ხოლო კილიან მბაპე დაწინაურდა და მეექვსე პოზიციაზე გადაინაცვლა. დეზირე დუე მეშვიდეა, აშრაფ ჰაკიმი — მერვე, ნუნუ მენდეში — მეათე.