„ჰაკიმი და ვიტინია 20-ჯერ უკეთესები იყვნენ“ - კანისარესი დემბელეს წინააღმდეგია
მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ფინალში „პარი სენ-ჟერმენის“ გამარჯვებისა და უსმან დემბელეს მაღალ დონეზე თამაშის შემთხვევაში, ეს უკანასკნელი „ოქროს ბურთის“ მოგების ცალსახა ფავორიტად იქცეოდა. თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ ყველაფერი საპირისპიროდ მოხდა, პარიზელებმა დიდი ანგარიშით წააგეს და დემბელეს უსუსტესი მატჩი ჰქონდა, ამ თემასთან დაკავშირებით ისევ სერიოზული კამათი მიდის. საინტერესო გახლდათ ესპანეთის ნაკრებისა და „ვალენსიას“ ყოფილი მეკარის სანტიაგო კანისარესის მოსაზრება, რომელსაც პრესიტიჟული პრიზისთვის ბრძოლაში თავისი ფავორიტები ჰყავს.
რას ამბობს კანისარესი
ჰაკიმმა „ოქროს ბურთი“ 20-ჯერ მეტად დაიმსახურა, ვიდრე დემბელემ. იგივეს თქმა შემიძლია ვიტინიაზე და საერთოდაც მომბეზრდა, რომ ამ პრიზს გამუდმებით შემტევი ტიპის ფეხბურთელებს აძლევენ. აშრაფს ან ვიტინიას თუ საუკეთესოდ დაასახელებენ, ეს იქნება პრეცედენტი და მოტივაცია მათი პოზიციის მოთამაშეებისთვის, ანუ ფლანგის მცველებისა და ცენტრალური ნახევარმცველებისთვის, რომ თუ სეზონს კარგად ჩაატარებენ, მათი ღვაწლი აუცილებლად დაფასდება.
შეგახსენებთ, რომ „ოქროს ბურთის“ გამარჯვებული 2024 წელს „მანჩესტერ სიტისა“ და ესპანეთის ნაკრების საყრდენი ნახევარმცველი როდრი გახდა. წლევანდელი დაჯილდოების ცერემონია კი, „შატლეს“ თეატრში 22 სექტემბერს გაიმართება.