„დიდი გამოწვევა გველოდება“ | რამაზ სვანაძისა და ოთარ კაკაბაძის პრესკონფერენცია
საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რამაზ სვანაძემ და მცველმა, ოთარ კაკაბაძემ მატჩისწინა პრესკონფერენცია გამართეს. „ჯვაროსნებს“ მომდევნო შეხვედრა უნგრეთის წინააღმდეგ ელით და ეროვნული გუნდის მიზანი სამი ქულის აღებაა.
რამაზ სვანაძე
„ყველა იმედგაცრუებულია იმით, რომ ჯერჯერობით მხოლოდ ერთი ქულა დავაგროვეთ, განსაკუთრებით უკრაინელებთან მატჩის გამო, რადგან იმ შეხვედრაში მეტს ვიმსახურებდით. უნგრეთს საშინაო კედლების უპირატესობა ექნება, მაგრამ ეს ჩვენთვის ერთ-ერთი ბოლო შანსია, ამ ჯგუფში წარმატებული ვიყოთ. დიდი გამოწვევა გველოდება, მაგრამ ჩვენი მიზანი სამი ქულის აღებაა.
ეს ჩვენი პირველი გასვლითი შეხვედრაა, მაგრამ გუნდის მიდგომა არ შეიცვლება. სტადიონზე საოცარი ატმოსფერო იქნება და გასვლითი მატჩები ყოველთვის უფრო რთულია, მაგრამ გეგმასა და იდეებს, რომლებსაც თამაშის წინ ვსახავთ, არ უნდა გადავუხვიოთ.
რაც შეეხება ცვლილებების საკითხს, არის რაღაცები, რაზეც საჯაროდ არ ვსაუბრობთ. არის პატარა პრობლემები და მიკროტრავმები. ფეხბურთელებს ვუფრთხილდებით და ოთხი მატჩი გვაქვს სათამაშო. ყველა ფეხბურთელი მზად უნდა იყოს იმისთვის, რომ როცა მწვრთნელი მათ მოედანზე შეყვანას გადაწყვეტს, გუნდს დაეხმარონ“.
ოთარ კაკაბაძე
„ყველაფერს გავაკეთებთ, რათა პირველი თამაში მოვიგოთ. ცუდად დავიწყეთ. ჩვენგან ყველა მეტს ელოდება და ჩვენც გვინდა, ჯგუფი ზედა ნაწილში დავასრულოთ. ამ მიზნისკენ სვლის დაწყებას ხვალ, გამარჯვებით ვაპირებთ. ჩემი აზრით, უკრაინასთან ქულაზე მეტს ვიმსახურებდით, რადგან მეტოქეზე უკეთ ვითამაშეთ. დაღლილობას რაც შეეხება, ოთხი მატჩია ჩასატარებელი და ეს პრობლემა ყველა გუნდს აქვს“.
ცნობისთვის, საქართველოსა და უნგრეთის ნაკრებების დაპირისპირება 2 ოქტომბერს გაიმართება და თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება. ორივე ნაკრები უგოლოდაა და მათ ანგარიშზე თითო-თითო ქულაა.