კონფლიქტი ჟეზუშთან? - რონალდუმ ნაკრები პირადი თვითმფრინავით დატოვა
კრიშტიანუ რონალდუს ირგვლივ უსიამოვნო სიტუაციაა. ლეგენდარული პორტუგალიელი ეროვნული ნაკრების ბოლო მატჩში ნორვეგიის წინააღმდეგ სათადარიგოთა სკამზე დატოვეს.
ამ ფაქტს მედიაში ბევრი გარჩევა მოყვა. ჟორჟე ჟეზუშმა პრესკონფერენციაზე „კრიშტიანუ რონალდუს საქმისთვის“ წერტილის დასმა სცადა და განაცხადა, რომ „საერთოდ არანაირი საქმე არ არსებობს“, თუმცა სულ რამდენიმე წუთში კაპიტანმა ეროვნული ნაკრების ვარჯიში გამოტოვა და სტადიონი დატოვა.
კრიშტიანუ რონალდუ მოგვიანებით სასტუმროში დაბრუნებისას შენიშნეს. თუმცა, არსებობს სხვა ინფორმაციაც, რომელსაც „Flight Radar“ ავრცელებს. კაპიტნის პირადი თვითმფრინავი დღეს, გვიან ნაშუადღევს, მადრიდიდან (ესპანეთი) კოპენჰაგენის (დანია) მიმართულებით გაფრინდა.
„ბევრ ფეხბურთელთან მქონია საქმე, მაგრამ ეს მათ შორის ნამდვილად არ არის“, — განაცხადა ჟორჟე ჟეზუშმა ოთხშაბათს, დანიასთან მატჩის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე, სადაც მან კრიშტიანუ რონალდუს გარშემო განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა.
პორტუგალიელმა მწვრთნელმა კიდევ ერთხელ განმარტა, რომ ნორვეგიასთან მატჩში რონალდუს არგამოყენება მხოლოდ ტაქტიკურ გადაწყვეტილებას უკავშირდებოდა.
„თამაში კარნახობს, რას გავაკეთებ. ვფიქრობდი კიდეც, რომ შესაძლოა, ბოლო წუთებში მისი დახმარება დამჭირვებოდა, მაგრამ მატჩმა სხვა რამ გვიკარნახა და ამიტომ მოედანზე არ შემოვიყვანე“, — განმარტა ჟორჟე ჟეზუშმა.
მწვრთნელმა აღიარა, რომ კაპიტანი გარკვეულწილად იმედგაცრუებული იყო — რონალდუმ მოედანი გულშემატკივრებისთვის მადლობის გადახდის გარეშე დატოვა მას შემდეგ, რაც თამაშში მონაწილეობა ვერ მიიღო. თუმცა ჟეზუშმა უარყო, რომ ფეხბურთელთან რაიმე პრობლემა არსებობს.
„წესები ყველასთვის ერთნაირია. სტატუსი მხოლოდ ფეხბურთელის კარიერისადმი პატივისცემას ნიშნავს, მაგრამ გადაწყვეტილებას მე ვიღებ. ფეხბურთელებმა ეს იციან, ყველამ იცის... კლუბში გადაწყვეტილებებს პრეზიდენტი იღებს, გუნდში კი — მე.“