„ჩემი სინდისი სუფთაა“ | ჟორჟე ჟეზუშის განცხადება რონალდუს სკანდალზე
პორტუგალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ჟორჟე ჟეზუშმა კრიშტიანუ რონალდუს გარშემო შექმნილ ვითარებაზე ისაუბრა. გუშინ საღამოს, დანიასთან გასამართი მატჩის წინ, რონალდუმ ეროვნული გუნდი დატოვა. პორტუგალიური გამოცემების ინფორმაციით, მას ჟეზუშთან კონფლიქტი მოუვიდა და „სელესაოს“ მაისურით აღარ ითამაშებს.
„ამ მომენტისთვის საკითხი დახურულია. დიდი ხანია ფეხბურთში ვარ და ვიცი, რომ ჩემი მხრიდან არაფერი ყოფილა, რასაც შეიძლებოდა ეს სიტუაცია გაემწვავებინა. არის თუ არა ჩემი სინდისი სუფთა? აბსოლუტურად. ნორვეგიასთან გასამართი მატჩის შემდეგ ამ თემას განვიხილავთ. არავინ უარყოფს, რომ რონალდუ ნამდვილი სიმბოლოა. ეჭვგარეშეა, რომ ის დიდი ფიგურაა“, — განაცხადა ჟეზუშმა დანიასთან მატჩამდე.
პორტუგალიის ნაკრების დატოვების შემდეგ რონალდუმ განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ მწვრთნელის პრესკონფერენციისა და პორტუგალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტთან საუბრის შემდეგ, სანაკრებო შეკრების დატოვება გადაწყვიტა. მისი თქმით, მოვა დრო, როდესაც ამ გადაწყვეტილების განმაპირობებელ მიზეზებზე სიმართლეს იტყვის.
ცნობისთვის, სიტუაცია პორტუგალიისა და ნორვეგიის ნაკრებების მატჩის შემდეგ დაიძაბა. ჟეზუშმა რონალდუ ძირითად შემადგენლობაში არ დააყენა და არც ცვლილებაზე შეიყვანა. პორტუგალიური პრესის მიხედვით, ჟეზუში მას სათამაშო დროს დაპირდა და სიტყვა არ შეასრულა.
ვითარება ისე გამწვავდა, რომ სიტუაციის განსამუხტად ეროვნული ნაკრების შეკრებაზე პორტუგალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ჩაფრინდა. მან, ჟეზუშმა და რონალდუმ ისაუბრეს და ერთი შეხედვით პრობლემა მოგვარებული იყო, მაგრამ, როგორც აღმოჩნდა, არაფერი გამოვიდა. გეტყვით იმასაც, რომ 7-ნომრიანი მაისური, რომლითაც რონალდუ თამაშობდა, რაფაელ ლეაუს გადაეცა.