კარიერას ესპანეთში გააგრძელებს - მათე საურის ახალი კლუბი ცნობილია
საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების მეკარის, მათე საურის ახალი კლუბი ცნობილია. ესპანური გამოცემა La Voz de Asturias-ის ცნობით, მათე კარიერას „ოვიედოში“ გააგრძელებს.
გამოცემის ინფორმაციით, მაისის ბოლოს მათე ესპანურ კლუბში სინჯებზე იმყოფებოდა, რა დროსაც როგორც პირველ გუნდთან, ასევე დუბლებთან ვარჯიშობდა, ახლა კი „ოვიედომ“ მისი დამატების გადაწყვეტილება მიიღო - ქართველი მეკარე კონტრაქტს უახლოეს დღეებში გააფორმებს.
ესპანური გამოცემის ინფორმაციით, საწყის ეტაპზე საური პირველ გუნდში მესამე მეკარის როლს მოირგებს, პარალელურად კი სათამაშო პრაქტიკის მისაღებად „ოვიედოს“ დუბლებში ითამაშებს.
ცნობისთვის, 2006 წელს დაბადებული მათე საური თბილისის „დინამოს“ აკადემიის აღზრდილია. 2024-2025 წლების სეზონი მან პორტუგალიაში, „რიუ ავეს“ 23-წლამდელთა გუნდში გაატარა, ახლა კი „ოვიედოს“ შეუერთდა.
აქვე გეტყვით, რომ „ოვიედო“ ლა ლიგაში 24-წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა. რაც შეეხება ასტურიელთა მეორე გუნდს, ის ესპანეთის რანგით მეოთხე დივიზიონში ასპარეზობს.