„სუპერმოგერიებები და ლიდერის თვისებები“ - სანიოლმა მამარდაზე ისაუბრა
საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა „ლივერპულის“ ოფიციალურ ვებგვერდთან ინტერვიუში ქართველი მეკარის, გიორგი მამარდაშვილის „ენფილდზე“ გადაბარგებაზე ისაუბრა.
რა თქვა სანიოლმა:
„ეს ქართული ფეხბურთის განვითარებისთვის ძალიან დიდი და პოზიტიური სიახლე იყო. ჩვენ გვჭირდება, რომ ქართველმა ფეხბურთელებმა საუკეთესო კლუბებში და ტოპ ჩემპიონატებში ითამაშონ, ამიტომ, როდესაც ქვეყნის პირველი მეკარე „ლივერპულში“ გადადის, ეს შესანიშნავი სიახლეა - არა მხოლოდ გიორგისთვის, არამედ მთელი ქართული ფეხბურთისთვის.
იმედია, ეს არ იქნება ერთეული შემთხვევა, არამედ პირიქით, მისაბაძი მაგალითი გახდება უამრავი სხვა ქართველი ფეხბურთელისთვის, რათა მათ დაუღალავად იშრომონ და ასეთივე წარმატებას მიაღწიონ.
ვფიქრობ, „ვალენსიაში“ გიორგის ძალიან სწრაფი პროგრესი ჰქონდა. „ლივერპულში“ გადასვლა მისთვის ძალიან დიდი წინ გადადგმული ნაბიჯია. თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ ის ფსიქოლოგიურად მზად არის, ასეთ ზეწოლას გაუმკლავდეს. როდესაც კარიერას საქართველოში იწყებ და ასე სწრაფად ეწყობი ესპანურ ფეხბურთს, უდავოა, რომ ინგლისურ ფეხბურთთან ადაპტაციაც მამარდაშვილისთვის ძალიან კარგად ჩაივლის.
ბოლო 3 წელიწადში მამარდაშვილი ძალიან გაიზარდა - არა მხოლოდ როგორც ფეხბურთელი, არამედ პიროვნულადაც. მოედანზე და მის მიღმა ის გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელია - მამარდა ჩვენი ნაკრების ერთ-ერთი ლიდერია. დარწმუნებული ვარ, რომ ამ თვისებებს ის „ლივერპულშიც“ წარმოაჩენს.
გიორგი სეზონის განმავლობაში „ლივერპულს“ ძალიან ბევრ ქულას მოუტანს. როდესაც ხაზზე თამაშზე ვსაუბრობთ, ის მაღალი, მაგრამ ამავდროულად სწრაფია. თუ მოგერიებებზე ვისაუბრებთ, ჩემი აზრით, ის მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა. მამარდაშვილმა იცის, როგორ დაამშვიდოს გუნდი და თავდაჯერებულობა შემატოს თანაგუნდელებს, იმიტომ რომ თვითონ ძალიან მშვიდია და ეს სიმშვიდე გადამდებია“.
ცნობისთვის, მამარდაშვილის დებიუტი „ლივერპულში“ რამდენიმე დღის წინ, „პრესტონთან“ ამხანაგურ მატჩში შედგა. ქართველმა მეკარემ მატჩი ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და 1 ტაიმი ითამაშა.