„მეტოქე რთულია, მაგრამ ოპტიმისტურად ვარ განწყობილი“ - შუსტერი ორდაბასთან მატჩზე
ხვალ ქუთაისის „ტორპედო“ კონფერენს ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩში ყაზახურ „ორდაბასის“ დაუპირისპირდება. შეხვედრამდე ერთი დღით ადრე ქუთაისური გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, დირკ შუსტერმა, პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.
რა თქვა შუსტერმა:
„ყაზახეთში რამდენიმე დღით ადრე ჩამოვედით, რადგან გვსურდა, აკლიმატიზაცია უკეთ გაგვევლო. მსურს, ვისარგებლო შემთხვევით და „ორდაბასს“ მადლობა გადავუხადო, რომ გუშინ სავარჯიშო მოედანი დაგვითმეს“.
„ხვალინდელი მატჩისთვის ოპტიმისტურად ვარ განწყობილი. ის, რომ აქ ყველას ჩვენი დამარცხება სურს, არა მხოლოდ წნეხი, არამედ დამატებითი მოტივაციაა გუნდისთვის“.
„ორდაბასის“ არაერთი მატჩი ვნახეთ. ჩვენ შემდეგ „ასტანასთან“ ითამაშეს, ვნახეთ ის შეხვედრაც. ცხადია, რთული მეტოქეა, თუმცა ჩვენც შევუქმნით პრობლემებს“.
„პირველ მატჩში ხასიათი და მენტალიტეტი გამოვავლინეთ. იგივეს ვგეგმავთ ხვალ. ცვლილებები შემადგენლობაში იქნება, თუმცა ამაზე დღეს საუბარს არ ვაპირებ“.
შეგახსენებთ, რომ გუნდებს შორის ქუთაისში გამართული შეხვედრა „ტორპედოს“ გამარჯვებით, 4:3 დასრულდა. საპასუხო მატჩი კი თბილისის დროით 20:00 საათზე გაიმართება.