სკანდალი გრძელდება - იამალის მიმართ გამოძიება იწყება
ესპანეთის სოციალური უფლებების სამინისტრომ ქვეყნის პროკურატურას თხოვნით მიმართა, რომ გამოიძიოს ბარსელონას ფეხბურთელის, ლამინ იამალის ქმედებები, რომელმაც 18 წლის იუბილეზე აკონდროპლაზიით დაავადებული ადამიანები(შეზღუდული ზრდის მქონე ადამიანები) შოუსთვის დაიქირავა.
დაბადების დღის წვეულება კვირას, ბარსელონადან ჩრდილო-დასავლეთით 50 კილომეტრში მდებარე ოლიველიაში, ქირით აღებულ სახლში გაიმართა. სტუმრებს შორის იყვნენ იუთუბერები, ინფლუენსერები და ბლაუგრანას რამდენიმე ფეხბურთელი.
არსებული ბრალდებების მიხედვით, იამალმა შოუში მონაწილეობისათვის დაიქირავა ჯგუფი, რომელიც შედგებოდა ადამიანებისგან, რომლებსაც აკონდროპლაზია ან სხვა ტიპის ჩონჩხის დისპლაზია აქვთ, რამაც მკაცრი რეაქცია გამოიწვია ესპანეთის აკონდროპლაზიისა და ჩონჩხის დისპლაზიის მქონე პირთა ასოციაციის (ADEE) მხრიდან, რომელმაც ეს ფაქტი 21-ე საუკუნეში სრულიად მიუღებლად შეაფასა.
BBC Sport-თან საუბრისას შშმ პირთა უფლებების გენერალურმა დირექტორატმა განაცხადა:
„ADEE-მ უკვე წარადგინა სამართლებრივი სარჩელი. შესაბამისად, ჩვენ მივმართეთ პროკურატურას, დაიწყოს გამოძიება და დაადგინოს, დაირღვა თუ არა კანონი და შშმ პირთა უფლებები.
ასოციაციამ საჯაროდ დაგმო აკონდროპლაზიით დაავადებული ადამიანების შოუსთვის დაქირავება და აღნიშნა, რომ ეს ამყარებს სტერეოტიპებს, აღვივებს დისკრიმინაციას და აზიანებს შშმ პირთა იმიჯსა და უფლებებს“.
ADEE-ის განცხადებაში წერია:
„ამგვარი ქმედებები არღვევს არა მხოლოდ მოქმედ კანონმდებლობას, არამედ ფუნდამენტურ ეთიკურ ღირებულებებს, რომლებითაც უნდა იმართებოდეს თანასწორი და პატივისცემაზე დაფუძნებული საზოგადოება.
შშმ პირთა უფლებების ზოგადი კანონი პირდაპირ კრძალავს ისეთ წარმოდგენებსა თუ გასართობ აქტივობებს, სადაც ამ ადამიანებს იყენებენ მასხარაობისთვის ან დაცინვის გამომწვევად, რაც ეწინააღმდეგება ადამიანური ღირსების პატივისცემას.“
ამის პარალელურად, ესპანურმა რადიომ RAC1-მა ერთ-ერთ პერფორმერთან ინტერვიუ ჩაწერა, რომელმაც განაცხადა, რომ იამალისგან არანაირი უპატივცემულობა არ უგრძვნია:
„შეურაცხყოფა არავის მოუყენებია. ჩვენ მშვიდად ვიმუშავეთ. არ მესმის, რატომ ატყდა ასეთი აჟიოტაჟი. ჩვენ ჩვეულებრივი ადამიანები ვართ, ვაკეთებთ იმას, რაც გვინდა და ამას ვაკეთებთ აბსოლუტურად ლეგალურად. ჩვენ ვართ ანიმატორები. რატომ არ უნდა ვიმუშავოთ, ჩვენი ფიზიკური მდგომარეობის გამო? ჩვენ ვიცით, სად გადის ზღვარი და არასდროს გადავალთ მას. ჩვენ არ ვართ ბაზრის მაიმუნები.“
მისი თქმით, წარმოდგენა ერთი საათი გაგრძელდა, რის შემდეგაც თავად ანიმატორებიც შეუერთდნენ წვეულებას.
BBC Sport ბარსელონას დაუკავშირდა და მომხდართან დაკავშირებით კლუბის წარმომადგენელს კომენტარის გაკეთება სთხოვა:
„კლუბი არ არის იმ პოზიციაში, რომ კომენტარი გააკეთოს, რადგან საქმე პირად საკითხს ეხება, თუმცა ფაქტების უკეთესად გარკვევის შემდეგ, ჩვენს პოზიციას აუცილებლად გადავხედავთ.“
თავად ლამინ იამალს ჯერჯერობით არანაირი კომენტარი არ გაუკეთებია.