ფარული შეხვედრა სპორტულ დირექტორთან - ტუდორს შემცვლელი მოუძებნეს
იტალიის ჩემპიონატის VII ტური „იუვენტუსისთვის“ წარუმატებელი აღმოჩნდა. ზედიზედ ნათამაშები 5 ფრის შემდეგ, „ბებერი სინიორა“ მიმდინარე სერია A-ში პირველად დამარცხდა, რის შემდეგაც მთავარი მწვრთნელის იგორ ტუდორის განთავისუფლების საკითხი დღის წესრიგში სრული სერიოზულობით დადგა.
ცნობილი გამოცემის, Calciomercato-ს ინფორმაციით, „კომოსთან“ (0:2) მატჩამდე ერთი დღით ადრე, ბიანკონერის სპორტული დირექტორი ფრანსუა მოდესტო მილანში იმყოფებოდა, სადაც რაფაელე პალადინოსთან ფარული შეხვედრა გამართა და ტუდორის ნაცვლად „იუვეში“ მთავარი მწვრთნელის პოზიციაზე მუშაობა შესთავაზა. მოდესტო და პალადინიო ძველი ნაცნობები არიან - ისინი ერთად „მონცაში“ მუშაობდნენ და თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, მათი დუეტი ტურინულ კლუბში აღდგება.
ცნობისათვის, რაფაელე პალადინოს ბოლო სამუშაო ადგილი „ფიორენტინა“ იყო, რომელიც 2025 წლის 30 მაისს დატოვა, თუმცა კარიერაში ერთადერთი ჯილდო „მონცაში“ მოიპოვა, როდესაც 2023 წელს სერია A-ს აპრილის თვის საუკეთესო მწვრთნელად დაასახელეს.