მეცის მორიგი მძიმე მარცხი - აბუაშვილს შანსი ჰქონდა
ყოველი ტურის შემდეგ „მეცის“ სატურნირო მდგომარეობა საფრანგეთის ლიგა 1-ის სატურნირო ცხრილში სულ უფრო მეტად მძიმდება. ამჯერად ეს გუნდი სტუმრად „ტულუზას“ დაუპირისპირდა და დიდი სხვაობით, 0:4 დამარცხდა. მასპინძლების შემადგენლობაში თითო ბურთი მე-2, მე-8, 79-ე და 84-ე წუთებზე, ფრანკ მაგრიმ, არონ დონუმიმ (პენალტით), იან გბოჰომ და ჩარლი კრესეულმა გაიტანეს. სტუმრების მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა პირველი ტაიმისთვის კომპენსირებულ დროში, როდესაც ზღვარგადასული უხეშობისთვის არბიტრმა მათი სენეგალელი ლეგიონერი სადიბუ სანე გააძევა.
რაც შეეხება ქართველ ლეგიონერებს, გიორგი აბუაშვილი საკმაოდ ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, მიმდინარე სეზონში მესამედ მოხვდა ძირითად შემადგენლობაში და ერთ ეპიზოდში გატანაც სცადა, თუმცა მისი დარტყმა სუსტი აღმოჩნდა და სტუმართა მეკარეს ბურთის ხელში აღება არ გასჭირვებია.
სანეს გაძევების გამო, სტუმართა დამრიგებელი იძულებული გახდა და შესვენების შემდეგ ერთი შემტევი მოეხსნა თამაშიდან და თადარიგში აბუაშვილის დასმა გადაწყვიტა. რაც შეეხება გიორგი წიტაიშვილს, ის შეხვედრაში 71-ე წუთზე ჩაერთო, აქტიურობასაც ცდილობდა, თუმცა თანაგუნდელების მსგავსად, განსაკუთრებული არაფერი შეუქმნია.
რვა ტურის შემდეგ „მეცს“ ჯერ ერთი მატჩიც არ მოუგია, ორი შეხვედრა ფრედ დაასრულა და ექვსჯერ დამარცხდა, რის გამოც უიმედო აუტსაიდერია. გიორგი აბუაშვილმა რვა თამაშიდან ხუთში მიიღო მონაწილეობა, სამჯერ ძირითადში ითამაშა, ორჯერ შეცვლაზე, მოედანზე საერთო ჯამში მოედანზე 197 წუთი გაატარა და შედეგიანი ქმედება არ ჰქონია. გიორგი წიტაშვილმა კი რვავე მატჩში (362 წუთი) ითამაშა, ოთხი ძირითადში, ოთხი შეცვლაზე და 1 საგოლე პასია მის ანგარიშზე.