გრძელი თმა, რთული ბავშვობა, შოუს ელემენტები და ფაფახი | De Volkskrant-ის სტატია იეგოიანზე
ნიდერლანდურმა გამოცემამ, De Volkskrant-მა, „ექსელსიორის“ ქართველ ფეხბურთელს, ირაკლი იეგოიანს, საინტერესო სტატია მიუძღვნა. ავტორმა მკითხველს იეგოიანი ახლოდან გააცნო და 21 წლის მოთამაშეზე დეტალურად ისაუბრა.
„გრძელთმიანი ფეხბურთელები უფრო და უფრო ცოტანი არიან. დიახ, კიკინებსა და სხვადასხვა ვარცხნილობას შეხვდებით, მაგრამ ისეთი გრძელი თმა, როგორიც იონ დე ვოლფსა და კლაუდიო კანიჯას ჰქონდათ და დენ ჰააგის თითქმის ნახევარ შემადგენლობას აქვს, უფრო და უფრო იშვიათობა ხდება. გრძელთმიანი ფეხბურთელები ხშირად ექსცენტრიული და განსაკუთრებული არიან.
ერთი ასეთი მოთამაშე ექსელსიორსაც ჰყავს. საუბარი 21 წლის ირაკლი იეგოიანზე გვაქვს. „გრძელი თმა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ეს ჩემი იდენტობის ნაწილია. მოკლე თმა მქონდა, მაგრამ რაღაც რიგზე ვერ იყო. თმა გავიზარდე და ყველაფერი დალაგდა. ახლა ჯენარო გატუზოს მსგავსი ვარცხნილობა მაქვს და ბაბუაჩემი სწორედ გატუზოს მეძახდა ხოლმე“, — ამბობს იეგოიანი.
გატუზო ჩამშლელი იყო, ირაკლის სურს, მოედანზე ბევრად მეტს აკეთებდეს. მას უნდა იყოს როგორც მებრძოლი, ისე პასების გამნაწილებელი, მეტოქის საჯარიმოში შემსვლელი და გოლების გამტანი ფეხბურთელი. გასულ კვირას, ბრედას წინააღმდეგ, მან ოსტატური უნარები გვაჩვენა და ბრწყინვალე მაკრატელა დარტყმით მიზანს მიაღწია. ირაკლის იგივე ვიტესის რიგებშიც გაუკეთებია და მისი ის გოლი ნიდერლანდების ერსტე დივიზიეს წლის საუკეთესო გოლად დაასახელეს.
იეგოიანი არ თვლის, რომ მაკრატელა დარტყმის შესასრულებლად რთული ტექნიკაა საჭირო. „მობრუნდი, დაცემისთვის მზად იყავი და ფეხები ჰაერში ასწიე. სულ ესაა საჭირო, მაგრამ ამ ყველაფერთან ერთად გამბედაობაც უნდა გქონდეს. არის შანსი, წარუმატებელი აღმოჩნდე და შენი მცდელობა საშინელი სანახავი იქნება. დიახ, შეიძლება ზურგითაც დაეცე, მაგრამ ადრენალინის გამო ვერაფერს გრძნობ. თუ იცი, რომ შეგიძლია, უნდა სცადო, რადგან ეფექტურია და თუ მიზანს მიაღწიე, სამუდამოდ ინტერნეტში დარჩები“, — აცხადებს იეგოიანი.

ქართველი ფეხბურთელი მთელი ცხოვრებაა იბრძვის, რათა პროფესიონალურ დონეზე ითამაშოს. იგი ნიჭიერია და თავდაუზოგავად მუშაობდა, მაგრამ ერთი პრობლემა ჰქონდა — მისი გონება გადატვირთული იყო, რამაც გავლენა მის ორგანიზმზეც იქონია. შედეგად, ირაკლის სტაბილურობა დიდი ხნის განმავლობაში აკლდა. ის აიაქსის აკადემიაში 4 წლის განმავლობაში თამაშობდა, მაგრამ 12 წლის ასაკში გუნდიდან გაუშვეს. მიზეზი ისაა, რომ სათანადოდ არ პროგრესირებდა. „ეს ჩემთვის სერიოზული დარტყმა იყო. მამაჩემთან ერთად მატარებელში ვიყავი, როდესაც დაგვირეკეს და გვითხრეს, რომ გუნდიდან გვიშვებდნენ. სატელეფონო ზარის შემდეგ ყველაფერი ჩამოინგრა“, — იხსენებს ირაკლი.
იეგოიანი ტვენტეში გადავიდა, სადაც ძირითად შემადგენლობაში მოხვედრასთან ახლოს იყო, მაგრამ შანსი არ მიუღია. გასულ სეზონში ის ვიტესში თამაშობდა და შანსიც მიიღო, ოღონდ მას შემდეგ, რაც დამშვიდდა. „ისე მინდოდა, კარგად მეთამაშა და გუნდს დავხმარებოდი, რომ ზედმეტი მომდიოდა. ბურთს ჩემს ნახევარზე ვიღებდი, დრიბლინგს ვიწყებდი, მეტოქის მოედანზე გადავდიოდი და ვურტყამდი. თუ ბურთი მეტოქეს ჰქონდა, ბოლომდე მივსდევდი ან ვცდილობდი, უხეში ვარდნა გამეკეთებინა. ვარჯიშებზეც ასე ვთამაშობდი, რაც არასაიმედო ფეხბურთელად გაქცევს და დრო ლოგიკურადაც არ გეძლევა“, — აცხადებს იეგოიანი.
სწორედ ამიტომ, გასული სეზონის საწყის პერიოდში, ირაკლი ფსიქოლოგ გიეს ვისერს ხშირად ესაუბრებოდა. მას ტვენტედან იცნობს და იპოვეს გზა, რომელიც ქართველ ფეხბურთელს დაეხმარებოდა, უფრო მეტად დავალებებზე ორიენტირებული ფეხბურთი ეთამაშა ისე, რომ კრეატიულობა არ დაეკარგა.
არნემში ირაკლი მარტო ცხოვრობდა, ექსელსიორში ტრანსფერის შემდეგ კი საკუთარ ორსულ მეგობარ გოგონასთან და ძაღლთან ერთად ცხოვრობს და ამან განსხვავება შექმნა. „როგორც იქნა, სულიერი სიმშვიდე ვიპოვე“, — ამბობს ირაკლი.
იეგოიანს ლტოლვილთა რამდენიმე ცენტრში მოუწია ყოფნა და მისი ოჯახი 3 თვის შემდეგ ადგილსამყოფელს ხშირად იცვლიდა, მაგრამ მან ადაპტაცია სწრაფად გაიარა. „ლაპარაკი ძალიან მიყვარს და მომწონს, როდესაც სხვადასხვა ადგილას ახალ-ახალ ადამიანებს ვხვდები. სკოლის შემდეგ სულ გარეთ ვიყავი. ფეხბურთს ვთამაშობდი და სხვა სპორტსაც მივსდევდი. ბევრი ადამიანი გავიცანი და მრავალი კულტურის წარმომადგენელს დავუმეგობრდი“, — აცხადებს იეგოიანი.

ნიდერლანდებში მკაცრი საიმიგრაციო პოლიტიკის მხარდამჭერი პოლიტიკური პარტიები ძლიერდებოდა — იეგოიანმაც შეამჩნია ეს. „ზოგჯერ სკოლაში გრძნობდი, რომ სხვანაირად გიყურებდნენ, მაგრამ სხვა მხრივ პოლიტიკას დიდად არ შევხებივარ. ლტოლვილთა ცენტრში ბევრი ძალიან მოსიყვარულე და ღირსეული ადამიანი იყო. ისინი ადამიანები არიან, რომლებსაც უბრალოდ სურთ, თავი საკუთარ სახლში იგრძნონ და უსაფრთხოდ იყვნენ“, — იხსენებს იეგოიანი.
იქ იყვნენ ომის ტრავმის მქონე ბავშვებიც, რომლებიც არავის ენდობოდნენ. ეჩვევი იმას, რომ ადამიანები უცებ ქრებიან. სულ მზადყოფნაში ხარ, გადარჩენას სწავლობ. ძალიან ბევრს განიცდი: უამრავი ადგილი, უამრავი სკოლა, განსხვავებული ადამიანები — იმდენი რამ ტრიალებს შენს თავში... როდესაც ტვენტეში ყოფნისას სხვა ოჯახში რჩებოდა, ერთი სული ჰქონდა, ლტოლვილთა ცენტრში მყოფი მშობლები და და ენახა. მისი მშობლებისთვის ყველაფერი ძალიან რთულად იყო. მათ ძალიან დიდი დრო გაატარეს გაუგებრობაში და არ იცოდნენ, დარჩენის უფლებას მისცემდნენ თუ საქართველოში დააბრუნებდნენ.
„ჩემი მშობლები ადვოკატებთან და იმიგრაციისა და ნატურალიზაციის სამსახურთან (IND) საუბრობდნენ, მიმდინარეობდა სხვადასხვა განხილვა. მუშაობა არ შეეძლოთ, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან უნდოდათ. მანქანა არ ჰყავდათ და ლტოლვილთა ცენტრიდან 30 კილომეტრზე შორს წასვლის უფლებაც არ ჰქონდათ. ეს მათთვის ძალიან დამთრგუნველი იყო. მე ამას ვამჩნევდი, მაგრამ თვითონ ძალიან დაკავებული ვიყავი“, — ამბობს ირაკლი.
საბოლოოდ, მისმა ოჯახმა ცხოვრების უფლება მიიღო და იეგოიანის პატარა ძმა ნიდერლანდებში დაიბადა. მას ირაკლისგან რადიკალურად განსხვავებული ბავშვობა აქვს და ბევრად უკეთეს მდგომარეობაშია.
ირაკლი ბევრ კულტურას წარმოადგენს. როდესაც მშობლიურ ქვეყანაში, საქართველოში, ჩადის, პირველ დღეს ნათესავებისა და ნაცნობების ოჯახებში სტუმრობაში ატარებს. „საქართველოში სიღარიბეა, მაგრამ ყველა ქართველი ძალიან სტუმართმოყვარე ადამიანია. როდესაც საქართველოში ჩავდივარ, ჩემი მშობლები მათთვის ნიდერლანდურ საჭმელებს მატანენ. როდესაც ნიდერლანდებში ვბრუნდები, ჩემი ჩემოდანი ქართული კერძებითაა სავსე. ძალიან ვამაყობ და ბედნიერი ვარ, როდესაც საქართველოში ვიმყოფები“, — ამბობს ირაკლი.
იეგოიანს იმედი აქვს, რომ საქართველოს ეროვნულ ნაკრებში სადებიუტო შეხვედრას მალე ჩაატარებს. ჯვაროსნებს ბევრი კარგი ფეხბურთელი ჰყავთ და მათი მთავარი ვარსკვლავი ხვიჩა კვარაცხელიაა. „ჩემთვის ახდენილი ოცნება იქნება, გასახდელში ასეთ ფეხბურთელებთან ერთად ყოფნა“, — ამბობს ირაკლი.

ექსელსიორში გადასვლამ მისი გამოძახების შანსები გაზარდა, თუმცა ეს არ იყო დაგეგმილი ტრანსფერი. ვიტესში ჩატარებული კარგი სეზონის შემდეგ ირაკლის სურდა, არნემში კიდევ ერთი წელი დარჩენილიყო, მაგრამ ვიტესს პროფესიონალური ლიცენზია გაუუქმეს და უეცრად ქართველი ფეხბურთელი თავისუფალი აგენტი გახდა. მან შეთავაზებები რამდენიმე კლუბიდან მიიღო და ერთ-ერთი ექსელსიორი იყო.
„ბოლოს და ბოლოს, შინაგანი სიმშვიდე ვიპოვე და ჩავთვალე, რომ ექსელსიორში ძალიან დიდი პროგრესი შემეძლო. აქამდე არსად მიგრძნია ასეთი პროფესიონალიზმი — როგორც ფიზიკური განვითარების მხრივ, ისე მუდმივი ვიდეოანალიზის კუთხით, როგორც გუნდურად, ასევე ინდივიდუალურად. ეს სტილი ძალიან მომწონს და მერგება“, — ამბობს იეგოიანი.
იეგოიანი ახლახან დაწინაურებულ როტერდამულ გუნდში, რომელსაც ახალგაზრდა მწვრთნელი რუბენ დენ უილი ხელმძღვანელობს და რომელიც ამჟამად ღირსეულ მე-12 ადგილზეა, ძირითადის მოთამაშედ სწრაფად იქცა. „გვყავს გუნდი, რომელსაც კონკურენციის გაწევა ნებისმიერისთვის შეუძლია; ძალიან კარგ ფეხბურთს ვთამაშობთ. ყოველთვის გვაქვს კარგი ტაქტიკური გეგმა, მეტოქეზე ყველაფერი ვიცით. ხშირად თამაშის დროს ვფიქრობ: ზუსტად ისე გამოვა ყველაფერი, როგორც სამწვრთნელო შტაბმა წინასწარ აგვიხსნა“, — ამბობს იეგოიანი.
ექსელსიორის წარმომადგენლები მისით აღფრთოვანებულები არიან. იეგოიანს აქებენ მისი მხიარული ხასიათის, შრომისმოყვარეობის, სწავლის სურვილის, თვითკრიტიკის, მიზანდასახულობისა და გამბედაობის გამო.

„არ მინდა, რამე ვინანო. ვოცნებობ ჩემპიონთა ლიგაზე და მსოფლიო ჩემპიონატზე. მაგრამ ჩემი ყველაზე დიდი ოცნებაა, რომ კარიერის შემდეგ წარსულს შევხედო და ვიცოდე — მაქსიმუმი გავიღე. ამიტომ არ დავდივარ წვეულებებზე, კვირაში ექვსი დღე ვიცავ მოსაწყენ, უშაქრო დიეტას, ბევრ მატჩს ვუყურებ და სახლში ვვარჯიშობ ან ახლომდებარე დარბაზში დავდივარ“, — ამბობს ირაკლი.
ის ამ ყველაფერს მამისთვისაც აკეთებს, რომელიც მაშინ, როცა ისინი ჯერ კიდევ ლტოლვილთა ცენტრში ცხოვრობდნენ, შვილთან ერთად ყოველდღე ვარჯიშობდა. „ის რეალურად ფეხბურთთან ახლოს არ იყო, მაგრამ დაინახა ჩემი ნიჭი და ჟინი, თვითონ კი ბევრი საქმე არ ჰქონდა. ამიტომ ჩემთვის გახდა ის, რაც მჭირდებოდა, რომ ჩემი ოცნება ამესრულებინა. ამიტომ ვარ ასე მოტივირებული“, — ამბობს ირაკლი.
იეგოიანს შოუს ელემენტები მაინც უყვარს. ბრედასთან გატანილი გოლის შემდეგ უნდოდა, ფაფახი დაეფარებინა, მაგრამ მსაჯებმა ამის უფლება არ მისცეს. თუმცა მოგვიანებით, ინტერვიუს დროს ფაფახი მაინც დაიხურა და თქვა: „ეს მებრძოლ სულს გამოხატავს. ვიფიქრე, თუ კარგ გოლს გავიტან, დავიფარებ-მეთქი“.
ცნობისთვის, ირაკლიმ ერედივიზიეში 19 მატჩი ჩაატარა — 19-დან ყველა მატჩში სასტარტო შემადგენლობაში იყო, 19-დან 17-ში 90 წუთი ითამაშა. მის აქტივში 6 საგოლე მოქმედებაა: 4 გოლი და 2 საგოლე პასი.