სლოტი ჯერ ფიქრობს | ითამაშებს თუ არა მამარდაშვილი თასზე
ასოციაციის თასზე „ბრაიტონთან“ მატჩის წინ „ლივერპულის“ მთავარმა მწვრთნელმა, არნე სლოტმა დატვირთულ კალენდარსა და როტაციის აუცილებლობაზე ისაუბრა, რაც იმას ნიშნავს, რომ 7-მატჩიანი პაუზის შემდეგ, დიდი ალბათობით, მოედანს გიორგი მამარდაშვილი დაუბრუნდება.
რა თქვა სლოტმა:
„ამ სეზონში პირველად არ ხდება, რომ 7 დღეში 3 თამაშის ჩატარება გვიწევს. შესაბამისად, არაერთხელ მითქვამს, რომ დიდი კლუბისთვის ეს სრულიად ნორმალურია, თუმცა 3 თამაში 8 დღეში - უკეთესია, ზოგიერთი გუნდი კი 3 თამაშს 9 დღეში თამაშობს.
ბევრი რამ დამოკიდებულია წილისყრაზე - ჩვენი მეტოქე „ბრაიტონი“ იქნება, რომელიც ძალიან ძლიერი გუნდია. ისინი არ იმსახურებენ იმ პოზიციაზე ყოფნას, რომელზეც ახლა პრემიერლიგაში არიან (მე-14). თითქმის ყოველ ტურში ისინი ძლიერ მეტოქეებს უწევენ კონკურენციას და იმაზე მეტ ქულას იმსახურებენ, ვიდრე ახლა აქვთ.
გუშინ ვფიქრობდი, ვინ უნდა დავაყენო ძირითადში და მივმართო თუ არა როტაციას... დადგა თუ არა დრო, სხვა ფეხბურთელებს მივცე შანსი? თუ კი, მაშინ რომელ პოზიციებზე? ჯერჯერობით არაფერი მაქვს გადაწყვეტილი“.
შეგახსენებთ, რომ ასოციაციის თასის მესამე წრეში „ლივერპულმა“ „ბარნსლი“ (4:1) დაამარცხა. „ბრაიტონთან“ მატჩი ხვალ, თბილისის დროით 23:55 საათზე გაიმართება.