„ამ შემთხვევაში ჯგუფიდან გავალთ“ - ლევან კორღალიძის შეფასება
უეფას ერთა ლიგის 2026-2027 წლების გათამაშებაში საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრების ყველა მეტოქე ცნობილია. ქართველი ფეხბურთელები B ლიგის II ჯგუფში უნგრეთს, უკრაინის და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული გუნდის წინააღმდეგ ითამაშებენ. ჯგუფის გამარჯვებული A ლიგის საგზურს მოიპოვებს, მეორე ადგილზე გასული კი პლეი ოფში ზედა ლიგის რომელიმე ჯგუფიდან მესამე პოზიციაზე გასულ გუნდს დაუპირისპირდება.
რამდენად რთული მეტოქეები შეხვდა ჩვენი ქვეყნის ეროვნულ გუნდს და შეძლებს თუ არა ევროპის ჩემპიონატის საგზურისთვის კიდევ ერთხელ ბრძოლას, ამის თაობაზე Crystalbet ეროვნული ლიგის ბოლო წლების ერთ-ერთმა საუკეთესო მწვრთნელმა ლევან კორღალიძემ Crystalsport-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა და კომენტარი საკუთარ მომავალთან დაკავშირებითაც გააკეთა.
ლევან კორღალიძე
B ლიგის სხვა ჯგუფებსაც რომ გადავხედე, ყველგან თანაბარი დონის გუნდები არიან და ყველგან ბოლომდე დახარჯვა იქნებოდა მიზნის მისაღწევად საჭირო. ამიტომ ასე ვიტყოდი - არც რთული და არც სუსტი მეტოქეები არ შეგვხვედრია.
საქართველოს ნაკრებმა თავისი დადებითი თვისებები მაქსიმალურად უნდა გამოავლინოსა და ერთსულოვნებისა და სწორი თამაშის შემთხვევაში, ამ ჯგუფიდან აუცილებლად გავალთ. ყველაზე უხერხული მეტოქე ალბათ უნგრეთია, თუმცა უკრაინაც ძლიერი მოწინააღმდეგეა. იმედია ისეთი შეგრძნება აღარ დაგვრჩება, როგორც 2025 წელს, როდესაც გარედან ისე ჩანდა, რომ ეროვნულ გუნდში ძველებური ერთიანობა დაკარგული იყო.
ევროპის ჩემპიონატზე გაცილებით დაბალანსებული გუნდი გვყავდა და ამ ეტაპზე ყველაზე მეტად დასალაგებელი ალბათ დაცვის ცენტრალური ხაზია, რომელიც ობიექტური მიზეზების გამო იცვლება და შეიცვალა. არ ვამბობ, რომ სერიოზული პრობლემები გვაქვს, უბრალოდ ეს ამბავი ყურადღების მიქცევას საჭიროებს. რა თქმა მნიშვნელოვანი რგოლია ცენტრალური ნახევარდაცვაც, სადაც კიტეიშვილი-ქოჩორაშვილის დუეტზე და მათ ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ბევრი რამ იქნება დამოკიდებული.
ნაკრებთან შეხება არასოდეს მქონია, თუმცა Crystalbet ეროვნულ საფეხბურთო ლიგაში პატარა წარმატებას მივაღწიე, რის გამოც ვილი სანიოლის კარგად მესმის. ქართველ გულშემატკივარს შეუძლია მცირე გამარჯვებისთვისაც ერთ დღეს გაგაღმერთოს და თუ პატარა შეცდომას მაინც დაუშვებ, მაშინვე ყველაფერს ხაზს გადაგისვამენ. სანიოლს სწორედ ასე ექცევიან და მეც ეს გზა გამოვიარე, რის გამოც მის მდგომარეობაში შევდივარ. ვილიზე ასე ვიტყვი - მწვრთნელი, რომელმაც მთელ საქართველოს ოცნება აუსრულა, ასეთ მოპყრობას არ იმსახურებს.
რაც შეეხება ჩემს მომავალს, იყო და არის რამდენიმე ვარიანტი, მაგრამ ისეთი არა, რომ ჩემი ინტერესი გამოეწვია. სიმართლე გითხრათ, სამწვრთნელო საქმიანობა მართლაც ძალიან მომენატრა და იმედი მაქვს ფეხბურთს მალე დავუბრუნდები.
შეგახსენებთ, რომ ლევან კორღალიძე თბილისის „იბერიას“ ორი სხვადასხვა პერიოდის მანძილზე ხელმძღვანელობდა და დედაქალაქის კლუბს ჯერ დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი, შემდეგ კი Crystalbet ეროვნული საფეხბურთო ლიგა მოაგებინა.