„დაფინანსება ალბათ გაიზრდება, იზრდება კლუბების კონტროლიც“ - ფონდის დირექტორი სამომავლო გეგმებზე
Aa
Aa

„დაფინანსება ალბათ გაიზრდება, იზრდება კლუბების კონტროლიც“ - ფონდის დირექტორი სამომავლო გეგმებზე

უკვე მეთერთმეტე წელია ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდი ფუნქციონირებს და მართალია მისი ჩამოყალიბების შემდეგაც მთავარი მიზანი, რასაც საქართველოს რომელიმე საფეხბურთო კლუბის ევროტურნირის ჯგუფში მოხვედრა ჰქვია, ვერაფრით შესრულდა, მაგრამ ფონდი რომ არ არსებობდეს, ვითარება გაცილებით უფრო მძიმე იქნებოდა. რაში იხარჯება თანხის ძირითადი ნაწილი, რამდენიმე გუნდი იღებს დაფინანსებას, როგორია სამომავლო გეგმები და არსებობს თუ არა გაცემული ფინანსების კონტროლის მექანიზმი, ამის თაობაზე ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდის ხელმძღვანელმა გადაცემაში „სპორტი იმედზე“ სტუმრობისას ისაუბრა.

გიორგი კალანდაძე

ფონდი უკვე ათი წელია ფუნქციონირებს და როგორც პროფესიულ, ასევე მასობრივ ფეხბურთს აფინანსებს. მიზანი ბუნებრივია Crystalbet ეროვნული საფეხბურთო ლიგის კლუბების ევროსარბიელზე წარმატება და მათი წლიდან წლამდე განვითარებაა. ფონდის შექმნის დროს Crystalbet ლიგა 1-ისა და ლიგა 2-ის ოცი გუნდიდან მხოლოდ 9 იყო კერძო, 11 კი მუნიციპალურ დაფინანსებაზე, ახლა კი 18 კერძოა და მხოლოდ ორია სახელმწიფოს კალთის ქვეშ.

ამჟამად მიმდინარეობს აქტიური სამუშაო პროცესი იმის თაობაზე, თუ როგორი უნდა იყოს ფონდის ახალი 5-წლიანი პროექტი, რომელიც 2027 წლიდან დაიწყება. გვაქვს დიდი იმედი, რომ დაფინანსებას გავზრდით, თუმცა მეტი ფულის მიღებასთან ერთად, კლუბების პასუხისმგებლობაც გაიზრდება. მათ მოუწევთ უფრო მეტი ფინანსების მოძიება, რადგან მთლიანად სახელმწიფოს თანხებზე არ იყვნენ დამოკიდებულნი და ძირითადად თავისით მოძიებული ფულით საზრდოობდნენ.

ხშირად მეკითხებიან, არსებობს თუ არა გაცემული ფინანსების კონტროლი? მექანიზმი ასე მუშაობს - ყოველი წლის დასაწყისში ფონდის გამგეობა ადგენს გაწერილ გეგმას, რის შემდეგაც ოთხმოცივე კლუბთან ფორმდება ინდივიდუალური ხელშეკრულებები და თითოეული ჩვენი მონიტორინგის ქვეშ ექცევა. თუ რომელიმე გუნდი ჩვენს მიერ მოთხოვნილ წინა თვის ფინანსურ ანგარიშს არ წარგვიდგენს, ხელშეკრულების მიხედვით გვაქვს სრული უფლება მომდევნო თვის ფული აღარ ჩავურიცხოთ.

გეტყვით სიახლის შესახებ, რომლის განხორციელებასაც ამ წლიდან ვიწყებთ - სამედიცინო დაზღვევა, რომელსაც საწყის ეტაპზე ოთხმოცივე ვერა, მაგრამ 36 კლუბის 850-მდე ფეხბურთელი მიიღებს, რაც ვფიქრობ, კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება.

ცნობისათვის, 2025 წელს ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდმა  Crystalbet ეროვნული ლიგის, ლიგა 2-ის, ლიგა 3-ის, ლიგა 4-ისა და რეგიონალური ლიგის 80 კლუბის დაფინანსებაში საერთო ჯამში 34 მილიონ 149 ათასი ლარი დახარჯა.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ჩემპიონი დებიუტანტით იწყებს - 2026 წლის კალენდარი ცნობილია
ჩემპიონი დებიუტანტით იწყებს - 2026 წლის კალენდარი ცნობილია