ირაკლი ბუღრიძე
Aa
Aa

საქართველოდან სამხრეთ კორეაში - ბუღრიძე წასვლის მიზეზებზე

უკანასკნელ პერიოდში საქართველოს ჩემპიონატიდან ფეხბურთელების მასიური გადინება შეუქცევად პროცესად იქცა. ბევრია ისეთი მოთამაშე, რომელმაც Crystalbet ეროვნული საფეხბურთო ლიგის დატოვების შემდეგ კარიერის გაგრძელება აზიის კონტინენტზე გადაწყვიტა. მათ შორისაა ირაკლი ბუღრიძე, რომელიც გასულ სეზონში „დილას“ ღირსებას იცავდა და გორის კლუბს როგორც ქვეყნის სუპერთასის, ასევე საქართველოს თასის მოგებაში დაეხმარა.

28 წლის შემტევი ტიპის ნახევარმცველი უკვე სამხრეთ კორეაში იმყოფება, სადაც კონტრაქტი მეორე ლიგის წარმომადგენელ „ჩეონგჟუსთან“ გააფორმა. ირაკლიმ Crystalsport-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ახალ კლუბთან დაკავშირებით შექმნილ შთაბეჭდილებებზე და ბევრ სხვა საინტერესო თემაზე ისაუბრა.

ირაკლი ბუღრიძე

ადაპტაცია საერთოდ არ გამჭირვებია, რადგან აქ კარგი გარემო დამხვდა. კლუბში მშვენიერი ფეხბურთელები არიან შეკრებილი, რომლებიც აქაურობასთან შეგუებაში მაქსიმალურად მეხმარებიან. ინფრასტრუქტურა, სავარჯიშო პირობები, ორგანიზება - ყველაფერი უმაღლეს დონეზეა აყვანილი. უზომოდ მოწესრიგებული ხალხია და საათივით აქვთ სისტემა აწყობილი. მზადების პროცესში არაფერი გაუთვალისწინებელი ხელისშემშლელი ამბები არ ხდება.

ბევრჯერ მინახავს კომენტარები, როდესაც აკრიტიკებენ ფეხბურთელს, როგორ გადავიდა ამ კლუბში, რა უნდოდა იმ გუნდში. გულშემატკივრებისაც კარგად მესმის, ყველას უნდა რომ საქართველოში ძლიერი ჩემპიონატი გვქონდეს და მეც ძალიან მსურდა. უბრალოდ, ჩემს შემთხვევაზე მოგიყვებით - ამ სამხრეთ კორეული კლუბიდან იმხელა დაინტერესება იყო, უარს ვერ ვიტყოდი. ამ შემთხვევაში ხელფასს არ ვგულისხმობ. საწუწუნოდ საქმე არ მაქვს და ნორმალური ანაზღაურება დამინიშნეს, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი კორელეების დამოკიდებულება იყო, რომლებმაც მაგრძნობინეს რომ პირველ ნომრად და გუნდის ლიდერად მომიაზრებდნენ.

სხვა რამდენიმე ვარიანტიც მქონდა, მათ შორის ქართული კლუბებიდან, მაგრამ მათგან იმხელა დაინტერესება ნამდვილად არ იგრძნობოდა, როგორიც კორეელებიდან წამოვიდა. წლების მანძილზე იმხელა გამოცდილება დავაგროვე, რომ ვხვდები, მოლაპარაკებების პროცესში, როგორ უნდა უნდა ვიგრძნო, სპორტული დირექტორი და მთავარი მწვრთნელი სიმართლეს მეუბნებიან, თუ ფუჭ იმედებს მაძლევენ.

საქართველოს რამდენიმე კლუბის მაისურით ევროტურნირებზე ბევრჯერ ვიასპარეზე და მეც გული მწყდება, რომ იმ მიზნის მიღწევა, რასაც ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრა ჰქვია, ერთხელაც ვერ შევძელით. მთავარი მიზეზი ალბათ ისევ და ისევ ფეხბურთელების რეგულარული გადინებაა. გარდა ამისა, ოთხი ეტაპის გადალახვა ნამდვილად რთულია. ამ მხრივ ყველაზე კომფორტულ სიტუაციაში Crystalbet ეროვნული საფეხბურთო ლიგის ჩემპიონი ხვდება, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპი თუ გაიარა, ფაქტიურად კონფერენს ლიგის პლეი ოფშია.

სიმართლე გითხრათ, ვთანაშმრომლობ იმავე სააგენტოს წარმომადგენლებთან, რომლებიც ბექა მიქელთაძისა და ვაკო ყაზაიშვილის პარტნიორები არიან. ისინი წინა წლებშიც მთავაზობდნენ ვარიანტებს, თუმცა მაშინ თავს ვიკავებდი, ახლა კი ვიგრძენი რომ წასვლის დროს მოვიდა და ეს ნაბიჯი ვფიქრობ, ყველაზე შესაფერის მომენტში გადავდგი.

ცნობისათვის, ირაკლი ბუღრიძემ Crystalbet ეროვნული საფეხბურთო ლიგის 2025 წლის გათამაშებაში 27 შეხვედრაში 2 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა შეასრულა. „დილაში“ გადასვლამდე კი, სხვადასხვა დროს თბილისის „ლოკომოტივის“, საჩხერის „ჩიხურას“, ბელგიის „ბეერსხოტის“, თბილისის „დინამოს“, ქუთაისის „ტორპედოსა“ და ყაზახეთის „ყიზილჟარის“ ღირსებას იცავდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„არაბიძე უზომოდ გაგვაძლიერებს“ - შუსტერი უკეთესი შედეგის პირობას დებს
„არაბიძე უზომოდ გაგვაძლიერებს“ - შუსტერი უკეთესი შედეგის პირობას დებს