ქართველი და კანადელი - დილა ძლიერდება
2026 წლის სეზონისთვის „დილა“ გაძლიერებას იწყებს. გორის კლუბმა ორი ახალი ფეხბურთელის დამატების შესახებ უკვე გამოაცხადა, საიდანაც ერთი ქართველი და სხვათა შორის საქართველოს 21-წლამდე ნაკრების წევრი, ხოლო მეორე კანადელი მოთამაშეა, რომელსაც ზურგს გარკვეული გამოცდილება უმაგრებს.
თავადაპირველად კანადელ ლეგიონერზე გეტყვით - 23 წლის ტერეივონ ფულერი უნივერსალური თვისებებით დაჯილდოებული ფეხბურთელია და საჭიროების შემთხვევაში როგორც ორივე ფლანგზე გარემარბად, ასევე ცენტრფორვარდის პოზიციაზე თანაბარი წარმატებით შეუძლია ასპარეზობა. მისი პირველი კლუბი „საო პედრო“ იყო, საიდანაც მეორე დივიზიონის „ლეიშოეშში“ გადავიდა, ბოლოს კი უმაღლესი ლიგის „ტონდელას“ ღირსებას იცავდა.
რაც შეეხება „დილას“ მეორე ახალწვეულს, დავით გოცირიძეს რამაზ სვანაძე საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში სისტემატურად იძახებს. ის „დინამო თბილისის“ აკადემიის აღზრდილია, შარშანდელი სეზონი კი იჯარით „გაგრაში“ გაატარა.
ცნობისათვის, 2025 წელი „დილას“ არსებობის ისტორიაში უდავოდ საუკეთესო გახლდათ, რადგან კლუბმა ჯერ საქართველოს სუპერთასი, შემდეგ კი საქართველოს თასი მოიპოვა.