„არაბიძე უზომოდ გაგვაძლიერებს“ - შუსტერი უკეთესი შედეგის პირობას დებს
მთავარი მწვრთნელის კვალიფიკაციიდან და საქართველოს მასშტაბით სატრანსფერო ბაზარზე საკმაოდ დიდი ფინანსური დანახარჯებიდან გამომდინარე, 2025 წელს „ტორპედოსგან“ ყველა Crystalbet ეროვნული საფეხბურთო ლიგის ჩემპიონობას ელოდა, თუმცა ქუთაისელებმა არათუ ოქროს, არამედ ვერცხლის მედლებიც ვერ მოიპოვეს და სატურნირო ცხრილში მესამე ადგილი დაიკავეს. მიუხედავად ამისა, კლუბის ხელმძღვანელებმა დირკ შუსტერს ნდობა ბოლომდე გამოუცხადეს და მასთან თანამშრომლობა გაგრძელდა. თავად გერმანელი სპეციალისტი კი სეზონს აშკარად ოპტიმისტური განწყობით ხვდება, რაზეც მის მიერ „ტორპედოს“ ფეისბუქ-გვერდისთვის მიცემული კომენტარიც კარგად მეტყველებს.
დირკ შუსტერი
გასული სეზონი ცუდად დავიწყეთ, რისი მიზეზიც ის იყო, რომ მე და ჩემი ასისტენტი გუნდს მოგვიანებით შევუერთდით. ახლა განსხვავებული სიტუაციაა - ყველა ჯანმრთელადაა, კვიპროსში დაგეგმილი შეკრება კი საშუალებას მოგვცემს სეზონის დაწყებას ოპტიმალურ ფორმაში შევხვდეთ.
მიხარია გიორგი არაბიძის დაბრუნება, რომელიც უზომოდ გაგვაძლიერებს. გარდა ამისა, მინდა გითხრათ, რომ ამით ტრანსფერები არ დასრულებულა. კლუბის ხელმძღვანელებთან კონსულტაციების გავლის შემდეგ შემიძლია ასპროცენტიანი სიზუსტით გითხრათ, რომ რამდენიმე მოთამაშეს კიდევ დავიმატებთ.
ცნობისათვის, „ტორპედომ“ შეკრების პირველი ნაწილი დღეს ქუთაისში დაიწყო, სადაც ორჯერადი ვარჯიშების ფონზე ყურადღება ფეხბურთელების ფიზიკური კონდიციების გაუმჯობესებას დაეთმობა. 8-20 თებერვალს კი შუსტერის მომზადებული გუნდი მზადების მეორე ეტაპს კვიპროსში გაივლის, სადაც დანიის „ლიუნგბიუსთან“ და სომხეთის „არარატ-არმენიასთან“ სპარინგების ჩატარება გადაწყვეტილია, მესამე მეტოქის ვინაობა კი მოგვიანებით გაირკვევა.