მოულოდნელი პრობლემა - სამგურალი მწვრთნელის გარეშეა
ტიაგო გომესმა საფეხბურთო კლუბ „სამგურალის“ მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა. მიღებული გადაწყვეტილება ყველასათვის მოულოდნელი იყო, რადგან მხარეებს ხანგრძლივი თანამშრომლობა ჰქონდათ დაგეგმილი და წყალტუბოელებმა 10 იანვარს წინასასეზონო შეკრება სწორედ მისი ხელმძღვანელობით დაიწყეს, თუმცა თავი იჩინა ხელისშემშლელმა ფაქტორმა, რის გამოც გომესს პოსტის დატოვება მოუწია.
საქმე იმაში გახლავთ, რომ ბრაზილიელს მხოლოდ კონმებოლის პრო ლიცენზია ჰქონდა, ხოლო Crystalbet ეროვნულ საფეხბურთო ლიგაში სამუშაოდ უეფას პრო ლიცენზიაა აუცილებელი. იყვნენ თუ არა ამის თაობაზე საქმის კურსში თავად გომესი და კლუბის ხელმძღვანელები და თუ არ იყვნენ, რატომ, ამის თაობაზე ოფიციალური განცხადება არ გაკეთებულა. ჯერჯერობით ცნობილი არ არის, ვინ შეცვლის სამხრეთ ამერიკელს, თუმცა დიდი ალბათობით ამ პოსტს გიორგი ონიანი ჩაიბარებს, რომელმაც „გაგრა“ რამდენიმე თვის წინ დატოვა.
ცნობისათვის, ტიაგო გომესის ხელმძღვანელობით Crystalbet ეროვნული საფეხბურთო ლიგის გასულ გათამაშებაში „სამგურალმა“ 42 ქულით მეშვიდე ადგილი დაიკავა. 2026 წლის სეზონს კი წყალტუბოელები 2 მარტს, სტუმრად „გაგრასთან“ მატჩით დაიწყებენ.