რობერტ ლევანდოვსკი, პაუ კუბარსი
Aa
Aa

„სირცხვილია, როცა ხაზის გავლებას 6 წუთი სჭირდება“ - FIFA-ს ყოფილი არბიტრი

FIFA-ს ყოფილი არბიტრი, ესპანელი ედუარდო იტურალდე გონსალესი ესპანეთის თასის პირველ ნახევარფინალურ მატჩში „ატლეტიკოსთან“ (0:4) „ბარსელონას“ მცველის, პაუ კუბარსის გაუქმებულ გოლს გამოეხმაურა.

„მოხდა ის, რომ ტექნოლოგიამ ხარვეზი მოგვცა. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც თამაშგარე მდგომარეობის განსაზღვრის ნახევრად ავტომატური სისტემა (SAOT) მწყობრიდან გამოდის მაშინ, როცა ბევრი მოთამაშე ერთმანეთთან ახლოს იმყოფება და გადაწყვეტილების ხელით მიღება ხდება საჭირო.

როდესაც ბევრი ფეხბურთელია გვერდიგვერდ, ეს სისტემა, როგორც წესი, ფუჭდება, რადგან ასეთია ეს ტექნოლოგია. და როდესაც მათ სცადეს კარის ხაზზე მყოფი ბოლო მოთამაშის მონიშვნა, კომპიუტერზე ამან არ იმუშავა.

ხაზები გაავლეს ლევანდოვსკის მიერ ბურთზე შეხების მომენტში და ისინი გატარდა რუჯერისა და კუბარსის ფეხებზე, მიუხედავად იმისა, რომ მათ შორის სხვაობა მილიმეტრი ან ნახევარი მილიმეტრი იყო“,

– განაცხადა ყოფილმა არბიტრმა Cadena SER-ის ეთერში.

იტურალდე ამტკიცებს, რომ მსგავს სიტუაციებში SAOT-მა თამაშგარის ხაზი უნდა გაავლოს როგორც ბურთზე, ისე ფეხებზე:

„ვის შეუძლია თქვას, რომ კუბარსი იმ მომენტში ბურთთან ერთ ხაზზე არ იმყოფებოდა?“

მან ასევე „სირცხვილი“ და „აღმაშფოთებელი“ უწოდა გადაწყვეტილების მიღების ექვსწუთიან დაყოვნებას.

„რაც შეეხება ხაზის გავლებას, ეს მართლაც აღმაშფოთებელია. შეიძლება 5-6 წუთი დახარჯო ხაზის გავლებაზე, მაგრამ ლევანდოვსკი თამაშგარეშია. რა დრო შეიძლება დასჭირდეს ლევანდოვსკიზე ხაზის გავლებას? ამიხსენით ეს“,

– თქვა ყოფილმა მსაჯმა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები