იეგოიანის ასისტი გოლის შემდეგ - ექსელსიორმა სიტარდს მოუგო
ირაკლი იეგოიანი „ექსელსიორს“ იოლად შეეწყო და უკვე გუნდის ერთ-ერთ ლიდერად ითვლება. ამის ნათელი მაგალითი ნიდერლანდების ერედივიზიონის IX ტური გახლდათ, როდესაც 21 წლის ქართველმა ნახევარმცველმა და მისმა თანაგუნდელებმა საკუთარ სტადიონზე „სიტარდს“ 1:0 მოუგეს, ერთადერთი ბურთი კი მე-9 წუთზე გიან დე რეგტმა სწორედ ეგოიანის გადაცემით გაიტანა და იქიდან გამომდინარე, რომ წინა ტურში სულაც გოლი გაიტანა, ფაქტია, რომ ირაკლი არაჩვეულებრივ ფორმაში იმყოფება.
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი მარჯვენა ფლანგიდან საჯარიმოში კარგად შევიდა და მშვენიერი მაღალი გადაცემა ჩააწოდა, რომლის დროსაც მისმა თანაგუნდელმა ვარდნაში საკმაოდ ეფექტური დარტყმით აიღო სტუმართა კარი.
ეგოიანი 81-ე წუთზე შეცვალეს, იქამდე კი მან 3 საკვანძო პასი გააკეთა, მისი 22 გადაცემიდან 16 ზუსტი აღმოჩნდა, ბურთს 37-ჯერ შეეხო, 9-ჯერ დაკარგა და დრიბლინგის ერთადერთი მცდელობა წარმატებული აღმოჩნდა. ათბალიანი სისტემით ქართველმა ნახევარმცველმა 7.7 შეფასება მიიღო, რითაც თანაგუნდელებს შორის მხოლოდ გოლის ავტორს ჩამორჩა.
ცნობისათვის, ირაკლი იეგოიანის ანგარიშზე ნიდერლანდების წლევანდელ ჩემპიონატში გამართულ 7 მატჩში 1 გოლი და 1 საგოლე პასია - მან შვიდივე შეხვედრა ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და მოედანზე საერთო ჯამში 602 წუთი გაატარა.