კრიშტიანოს დროს და მისი წასვლის შემდეგ - რეალის გაუარესებული სტატისტიკა
კრიშტიანო რონალდუ იმ ფენომენალური შედეგებიდან გამომდინარე, რომელიც „რეალში“ ასპარეზობისას დააფიქსირა, სამეფო კლუბის ყველა დროის საუკეთესო თუ არა, ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი ნამდვილად არის. განსაკუთრებით კარიერის საწყის წლებში, პორტუგალიელი ვარსკვლავის ერთ-ერთ მთავარ პლუსად სტანდარტების უმაღლეს დონეზე შესრულება ითვლებოდა და ამასთან დაკავშირებით „ბლანკოსის“ ოფიციალურმა ვებ-გვერდმა საინტერესო სტატისტიკა გამოაქვეყნა.
იმ ცხრა სეზონის მანძილზე, როდესაც კრიშტიანუ „რეალის“ ღირსებას იცავდა, მადრიდელები ჯარიმიდან სეზონში საშუალოდ 6,1 გოლს იტანდნენ, მისი წასვლის შემდეგ კი, ანუ 2018 წლიდან ეს მაჩვენებელი 1,6 ბურთამდე შემცირდა. 2009 წლიდან მოყოლებული რონალდუმ 444 მცდელობიდან სტანდარტის წერტილიდან 33 გოლი გაიტანა. მისი თანაგუნდელების სტატისტიკა კი ასეთი გახლდათ - გარეტ ბეილი (72 მცდელობა, 4 გოლი), მესუთ ოზილი (18 მცდელობა, 3 გოლი), ხამეს როდრიგესი (19 მცდელობა, 3 გოლი).
შეგახსენებთ, რომ კრიშტიანუ რონალდუმ მადრიდის „რეალის“ შემადგენლობაში ორჯერ ლა ლიგა (2012, 2017), ორჯერ კოპა დელ რეი (2011, 2014), ორჯერ ესპანეთის სუპერთასი (2012, 2017), ოთხჯერ ჩემპიონთა ლიგა (2014, 2016, 2017, 2018), ორჯერ უეფას სუპერთასი (2014, 2017) და სამჯერ საკონტინენტთაშორისო თასი (2014, 2016, 2017) მოიგო.