დიეგო მარადონა
Aa
Aa

მარადონას გარდაცვალების საქმე - რამდენიმე ექიმს 25-წლამდე პატიმრობა ემუქრება

არგენტინაში დიეგო მარადონას გარდაცვალებასთან დაკავშირებით, სასამართლო პროცესი განახლდა. ქვეყნის პროკურატურა ბრალს იმ სამედიცინო ჯგუფის შვიდ წევრს უყენებს, რომლებიც მარადონას სიცოცხლის ბოლო პერიოდში მის მკურნალობასა და მოვლაზე იყვნენ პასუხისმგებლები.

გამოძიების ვერსიით, საქმე ეხება გაუფრთხილებლობით ჩადენილ მკვლელობას. 2021 წელს შექმნილმა სპეციალურმა სამედიცინო კომისიამ დაადგინა, რომ ექიმებისა და მედპერსონალის მოქმედებები არ იყო სათანადო — ისინი შეფასდნენ როგორც არასაკმარისად პროფესიული და არასაიმედო. ასევე დადგინდა, რომ გარემო, სადაც მარადონა ოპერაციის შემდეგ რეაბილიტაციას გადიოდა, არ აკმაყოფილებდა აუცილებელ სამედიცინო სტანდარტებს.

საქმის განხილვა პირველად 2025 წლის მარტში დაიწყო, თუმცა პროცესი მალევე შეწყდა. მიზეზი ერთ-ერთი მოსამართლის გადადგომა გახდა, რომელიც ეთიკური ნორმების დარღვევაში დაადანაშაულეს. შედეგად, სასამართლო პროცესი თავიდან დაიწყო.

დაცვის მხარე ამტკიცებს, რომ მარადონას გარდაცვალება მისი ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობიდან გამომდინარე გარდაუვალი იყო. ცნობილია, რომ არგენტინელი ვარსკვლავი წლების განმავლობაში ებრძოდა სხვადასხვა ჯანმრთელობის პრობლემას, მათ შორის ნარკოტიკებისა და ალკოჰოლის დამოკიდებულებას, რაც საბოლოოდ მის ორგანიზმზე ფატალურად აისახა.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, საქმეში მონაწილე ექიმებსა და სამედიცინო პერსონალს 8-დან 25-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ, რაც ამ პროცესს სპორტის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან სამართლებრივ საქმედ აქცევს.

შეგახსენებთ, რომ დიეგო მარადონა 2020 წლის 25 ნოემბერს, 60 წლის ასაკში გარდაიცვალა. ოფიციალური ინფორმაციით, მისი სიკვდილის მიზეზი გულის შეტევა გახდა. ამ დროს ის ტვინში სისხლჩაქცევის შემდეგ ჩატარებული ოპერაციისგან რეაბილიტაციას გადიოდა.

მარადონა ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთ უდიდეს ფიგურად ითვლება — მისი კარიერა, მათ შორის 1986 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე არგენტინის ნაკრების გამარჯვება, დღემდე განსაკუთრებულ ადგილს იკავებს სპორტის სამყაროში. მისი გარდაცვალების გარემოებების ირგვლივ მიმდინარე სასამართლო პროცესი კი კვლავ დიდ ინტერესს იწვევს როგორც არგენტინაში, ისე მთელ მსოფლიოში.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები