დაუვიწყარი მატჩი მიუნხენში - ბაიერნმა რეალს მოუგო და 1/2-ფინალში გავიდა
ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში გულშემატკივრებმა ზღაპრული მატჩი იხილეს. ბაიერნმა რეალს უმასპინძლა და უმძიმეს ბრძოლაში 4:3 დაამარცხა.
მატჩი სამეფო კლუბისთვის იდეალურად დაიწყო. მანუელ ნოიერმა მიუტევებელი შეცდომა დაუშვა და არდა გიულერმა ბურთი ცარიელ კარში გადაგზავნა. სულ მალე ლუნინის შეცდომის ჯერი დადგა და რეკორდმაისტერმა წონასწორობა აღადგინა. თავი პავლოვიჩმა გამოიჩინა.
29-ე წუთზე არდა გიულერმა საჯარიმო დარტყმა დიდებულად შეასრულა და ბლანკოსი დააწინაურა. 38-ე წუთზე ჰარი კეინმა გაათანაბრა. 42-ე წუთზე სამეფო კლუბის მორიგ კონტრ-შეტევას კილიან მბაპეს გოლი მოყვა.
მეორე ტაიმი შედარებით ფრთხილი გამოდგა, თუმცა მომენტები ორივე გუნდს ჰქონდა. რიგ ეპიზოდებში ლუნინი და ნოიერი ბრწყინავდნენ.
86-ე წუთზე კამავინგა არაპროფესიონალი, დამწყები ფეხბურთელივით მოიქცა და მეორე ყვითელი ბარათი დაიმსახურა. მსაჯმა ის მოედანიდან გააძევა. სულ მალე კი ლუის დიასის გასროლას გოლი მოყვა. დარჩენილ დროში რეალი მთელი გუნდით შეტევაში წავიდა, რითიც მასპინძლებმა ისარგებლეს და ოლისემ გამარჯვების მომტანი გოლი გაიტანა.
შეგახსენებთ, რომ მიუნხენის ბაიერნი ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში პარი სენ ჟერმენს დაუპირისპირდება.