გოგა ბითაძე, სტეფ კარი
Aa
Aa

NBA პლეიინი | ბითაძის ორლანდომ სიქსერსთან წააგო, კარის 35 ქულა კლიპერსთან

ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში პლეი-ინის კიდევ ორი მატჩი გაიმართა. აღმოსავლეთ კონფერენციაში გოგა ბითაძის „ორლანდო“ სტუმრად „ფილადელფიასთან“ დამარცხდა - 97:109. 

ქართველმა კალათბურთელმა პარკეტზე 15:28 წუთი გაატარა და ამ დროში 2 ქულა, 2 მოხსნა და 1 ჩაჭრა დააგროვა.

„ორლანდოს“ რიგებში საუკეთესო დესმონდ ბეინი იყო (34 ქულა), პაოლო ბანკერომ 18 ქულა ჩააგდო, ენტონი ბლექმა კი 13. რაც შეეხება „ფილადელფიას“, 31 ქულით საუკეთესო ტაირიზ მაქსი იყო, ვი ჯეი ეჯკომბის აქტივში ორმაგი დუბლია (19 ქულა, 11 მოხსნა), ასევე ორმაგი დუბლით დაასრულა მატჩი ანდრე დრამონდმა - 14 ქულა, 10 მოხსნა.

პირველ რაუნდში „სიქსერსის“ მეტოქე „სელტიქსი“ იქნება. სერიის პირველი მატჩი ბოსტონში 19 აპრილს გაიმართება. რაც შეეხება „ორლანდოს“, ისინი პლეიოფის საგზურისთვის საკუთარ კედლებში 17 აპრილს „შარლოტ ჰორნეთსს“ დაუპირისპირდებიან. 

პლეიინის კიდევ ერთ მატჩში ნამდვილი სასწაული „გოლდენ სტეიტ უორიორსმა“ შემოგვთავაზა, რომელმაც სტუმრად „ლოს ანჯელეს კლიპერსი“ დაამარცხა (126:121).

სამი მეოთხედის შემდეგ „უორიორსი“ 6 ქულას აგებდა, თუმცა ბოლო მეოთხედი 11 ქულით მოიგო - გუნდს 35 ქულით სტეფ კარიმ ულიდერა, 20-20 ქულა კი კრისტაპს პორზინგისმა და გი სანტოსმა ჩააგდეს. აღსანიშნავია ვეტერანი ალ ჰორფორდის თამაშიც, რომელმაც ბოლო მეოთხედში 4-დან 4 სამქულიანი ჩააგდო.

 

„კლიპერსისთვის“ სეზონი დასრულებულია, „გოლდენ სტეიტი“ კი 17 აპრილს სტუმრად „ფინიქს სანსს“ დაუპირისპირდება - ამ წყვილის გამარჯვებულის მეტოქე მოქმედი ჩემპიონი „ოკლაჰომა“ იქნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
რეგულარული სეზონი დასრულდა | პლეიოფის ყველა მონაწილე ცნობილია
რეგულარული სეზონი დასრულდა | პლეიოფის ყველა მონაწილე ცნობილია