„შრომას გავაგრძელებ, მიუხედავად იმისა, ვითამაშებ თუ არა“ - ბითაძე
NBA-ის მორიგ სათამაშო დღეს, გოგა ბითაძის „ორლანდო მეჯიქი“ საკუთარ მოედანზე „მინესოტა ტიმბერვულვზს“ დაუპირისპირდა და 132:120 გაიმარჯვა.
გამორჩეული მატჩი ჩაატარა გოგა ბითაძემ, რომელმაც 21 წუთში ორმაგი დუბლი დააფიქსირა - 14 ქულა, 15 მოხსნა, 6 ასისტი - და თავისი გუნდის გამარჯვებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ ქართველმა ცენტრმა განვლილი მატჩი ადგილობრივ მედიასთან შეაფასა.
გოგა ბითაძე:
ვფიქრობ, მეორე ტაიმში თამაშს საკუთარი დაღი დავასვით და გამარჯვებამდე მივიყვანეთ. ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი იყო და ვფიქრობ, ეს ჩვენს ზრდას აჩვენებს. წინა სეზონში რამდენიმე ისეთი თამაში წავაგეთ, რომელიც ქაღალდზე უნდა მოგვეგო. ვფიქრობ, კარგი სამუშაო გავწიეთ. მესამე მეოთხედში იყო მომენტები, როცა შეიძლებოდა გავტეხილიყავით. ისინი ძალიან ძლიერები იყვნენ და რამდენიმე სამქულიანი ჩააგდეს. მაგრამ ერთად დავდექით და ერთმანეთს ვენდეთ. გუნდელებმა ერთმანეთისთვის დამატებითი ძალისხმევა გავიღეთ, 32 შედეგიანი გადაცემა გვქონდა და ასე უნდა გავაგრძელოთ. კიდევ ორი თამაში დაგვრჩა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ვფიქრობ, მიზანს მივაღწევთ და კარგ პოზიციაზე ვიქნებით. ჩვენი საქმე ბოლომდე უნდა მივიყვანოთ.
რთული სეზონი იყო, ბევრი ჩავარდნით. მაგრამ ვფიქრობ, ყველაზე მთავარი მწვრთნელები არიან. ცხადია, მოედანზე ჩვენ ვთამაშობთ, მაგრამ მწვრთნელებმა შესანიშნავი სამუშაო გასწიეს. ისინი პოზიტიურები დარჩნენ. შეეძლოთ ცუდ ხასიათზე ყოფილიყვნენ და ნეგატიური ენერგია შემოეტანათ, მაგრამ ასე არ მოქცეულან. ეს სეზონი პოზიტიური იყო და მადლობა მათ ამისთვის. რამდენიმე თამაში წავაგეთ, მაგრამ პოზიტიური განწყობა უნდა შევინარჩუნოთ. ვფიქრობ, კარგი შანსი გვაქვს. რა თქმა უნდა, არ გვინდა, რომ ჩვენი პოზიცია სხვა გუნდების შედეგებზე იყოს დამოკიდებული, მაგრამ ახლა აქ ვართ და ჩვენი საქმე უნდა გავაკეთოთ. გულწრფელად რომ ვთქვა, ვფიქრობ, ნებისმიერ გუნდთან შეგვიძლია თამაში. შვიდთამაშიან სერიაში ჩვენთან შეხვედრა არავის უნდა. ასე ვგრძნობთ თავს. ცხადია, ეს საქმითაც უნდა დავამტკიცოთ, ამიტომ სადაც არ უნდა ვიყოთ, ბრძოლას გავაგრძელებთ.
რაც შეეხება ჩემს თამაშს, ვფიქრობ, აქ ყველამ იცის, რისი გაკეთება შემიძლია. შესაძლოა, სტატისტიკის მხრივ ყოველთვის კარგი თამაში არ მქონდეს. როცა არასტაბილური წუთები გაქვს, რთულია სტაბილურობის შენარჩუნება. მაგრამ ვფიქრობ, აქ ყველამ იცის, რომ შრომას გავაგრძელებ, მიუხედავად იმისა, ვთამაშობ თუ არა. ყოველთვის ვეცდები პოზიტიური ენერგიის შემოტანას. დღეს ერთ-ერთი ისეთი საღამო იყო, როცა თამაში წამივიდა. ციფრები მხოლოდ ციფრებია, ყველაზე მთავარი კი ისაა, რომ მოვიგეთ. თუ არ ვიმარჯვებთ, სტატისტიკას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. უბრალოდ ბოლომდე ვიბრძოლე და გამიმართლა, რომ კარგი საღამო მქონდა. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ გავიმარჯვეთ.
„ორლანდო მეჯიქმა“ ზედიზედ მეოთხე შეხვედრა მოიგო და პლეი-ოფის საგზურისთვის იბრძვის. გოგას გუნდს პლეი-ოფის კვალიფიკაციის საგზური განადღებული აქვს, თუმცა პირდაპირ პლეი-ოფში გასვლის შანსიც აქვს, რაც დიდწილად იმ ორ მატჩზე იქნება დამოკიდებული, რომელიც „მეჯიქს“ რეგულარულ სეზონში დარჩა.
80 სათამაშო დღის შემდეგ „ორლანდო მეჯიქი“ აღმოსავლეთ კონფერენციის სატურნირო ცხილში 44 მოგებითა და 36 მარცხით მე-7 ადგილზე იმყოფება და მომდევნო შეხვედრას 11 აპრილს, სტუმრად, „ჩიკაგო ბულზთან“ გამართავს.