14 ქულა და 15 მოხსნა - გოგას ორმაგი დუბლი და ორლანდოს მნიშვნელოვანი გამარჯვება
NBA-ს რეგულარული სეზონის მორიგ სათამაშო დღეს, გოგა ბითაძის „ორლანდო მეჯიქი“ საკუთარ მოედანზე „მინესოტა ტიმბერვულვზს“ დაუპირისპირდა და 12 ქულის სხვაობით, 132:120 დაამარცხა.
გოგა ბითაძე მატჩში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და შეხვედრა ორმაგი დუბლით დაასრულა. ქართველი ცენტრი ორივე გუნდის შემადგენლობაში ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე გახდა, მოხსნების რაოდენობის მხრივ კი როგორც ორლანდოში, ისე დღევანდელ შეხვედრაში ყველაზე მაღალი შედეგი დააფიქსირა. გოგამ მოედანზე 22 წუთი გაატარა და ამ დროის განმავლობაში 14 ქულა, 15 მოხსნა, 6 შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა. ასევე, მეტოქის წინააღმდეგ 2-ჯერ დაჯარიმდა და ბურთი ერთხელ დაკარგა. მარგი ქმედების კოეფიციენტით, რომელიც 21-ს შეადგენდა, ის გუნდში მეორე მოთამაშე გახდა და თანაგუნდელმა დესმონდ ბეინმა მხოლოდ 1 ქულით აჯობა. საგულისხმოა, რომ 15 მოხსნიდან, ბითაძემ 8 მეტოქის ფარზე შეასრულა. რაც შეეხება ქულებს, გოგამ 2-დან 2 საჯარიმო და 11-დან 6 ორქულიანი ჩააგდო. ნებისმიერ შემთხვევაში, ქართველი ცენტრის მიერ დაგროვებულმა სტატისტიკამ, „ორლანდოს“ გამარჯვებაში ერთ-ერთი მთავარი როლი ითამაშა.
„ორლანდო მეჯიქმა“ ზედიზედ მეოთხე შეხვედრა მოიგო და პლეი-ოფის საგზურისთვის იბრძვის. გოგას გუნდს პლეი-ოფის კვალიფიკაციის საგზური განადღებული აქვს, თუმცა პირდაპირ პლეი-ოფში გასვლის შანსიც აქვს, რაც დიდწილად იმ ორ მატჩზე იქნება დამოკიდებული, რომელიც „მეჯიქს“ რეგულარულ სეზონში დარჩა.
80 სათამაშო დღის შემდეგ „ორლანდო მეჯიქი“ აღმოსავლეთ კონფერენციის სატურნირო ცხილში 44 მოგებითა და 36 მარცხით მე-7 ადგილზე იმყოფება და მომდევნო შეხვედრას 11 აპრილს, სტუმრად, „ჩიკაგო ბულზთან“ გამართავს.