„შესაძლებლობების 87 პროცენტი“ - ბერულავა ბოლომდე კმაყოფილი არ დარჩა
ფიგურულ ციგურაობაში ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე გუნდურ შეჯიბრებაში ანასტასია მეტელკინასა და ლუკა ბერულავას სპორტული წყვილი ჩაება. ევროპის მოქმედმა ჩემპიონებმა მოკლე პროგრამაში ბოლეროს კომპოზიცია თითქმის უშეცდომოდ შეასრულეს და 77,54 ქულით მეორე ადგილი დაიკავეს. ასპარეზობის დასრულების შემდეგ, როგორც ერთმა, ასევე მეორე მათგანმა Golden Skate-ს გამოცემის ჟურნალისტისთვის მოკლე კომენტარი გააკეთა.
ანასტასია მეტელკინა
მარტივი სრიალი და კარგი გახურება იყო. საკუთარ თავში დარწმუნებულები ვიყავით და ჩვენი ასევე სჯეროდა მწვრთნელებსა და ფედერაციის ხელმძღვანელებს. თითოეულმა მოსამზადებელმა ვარჯიშმა მშვენივრად ჩაიარა. სწორედ ამიტომ ყინულზე მაქსიმალურად კონცენტრირებულები გავედით და შევასრულეთ ის, რისი გაკეთებაც ყველამ იცის, რომ კარგად შეგვიძლია.
ლუკა ბერულავა
ანასტასიასგან განსხვავებით, ვთვლი, რომ დღეს შესაძლებლობების არა 100, არამედ 87 პროცენტი გამოვავლინე. ბევრ კომპონენტში არადამაჯერებელი ვიყავი, თუმცა წინ თავისუფალი პროგრამა, სადაც როგორც წესი სოლიდურად გამოვიყურებით და იმედია ეს ტრადიცია არც ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე დაირღვევა.
ცნობისათვის, წყვილთა ასპარეზობაში ცხრა უძლიერესი ნაკრებია წარმოდგენილი, სადაც 25-ე ოლიმპიურ თამაშებზე გამოსვლის უფლება საკვალიფიკაციო რეიტინგით მოიპოვეს და მათ შორის მოხვდა საქართველოს ეროვნული გუნდი.