შესაძლოა განაცხადში დააბრუნონ | Toro News საბა საზონოვზე
ახალგაზრდა ქართველი მცველი საბა საზონოვი, რომელმაც ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს ახალი გუნდი ვერ იპოვა, შესაძლოა „ტორინოს“ განაცხადში დაბრუნდეს. ამის შესახებ იტალიური გამოცემა Toro News-ი წერს.
„კრისტიანო ბირაგი და საბა საზონოვი მწვრთნელის გეგმებში არ შედიან, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ „ტორინომ“ მათ უცხო ქვეყნებში გუნდი ვერ მოუძებნა, არაა გამორიცხული, რომ ორივე ფეხბურთელი განაცხადში დაბრუნდეს.
თუმცა, ეს სიტუაცია ორმაგად სარისკოა: ერთი მხრივ, გუნდში იქნებიან ფეხბურთელები, რომლებიც მწვრთნელს არ მოსწონს, მეორე მხრივ კი, საჭიროების შემთხვევაში მოედანზე გამოსვლა დიდი ხნის უთამაშებელ ფეხბურთელებს მოუწევთ“.
შეგახსენებთ, რომ საბა საზონოვს გასული წლის ივნისის შემდეგ არ უთამაშია, ზაფხულში ის „ხეტაფეში“ გადასვლასთან იყო ახლოს, თუმცა ტრანსფერი ბოლო წუთებში ჩაიშალა, რამდენიმე კვირის წინ „ტორინომ“ საზონოვი და ბირაგი „ფიორენტინას“ შესთავაზა, სანაცვლოდ კი ლუკა რანიერის დამატება სურდა, თუმცა „იებისგან“ გაცვლაზე უარი მიიღო.
აქვე გეტყვით, რომ ივნისის ბოლოს საბა საზონოვი თავისუფალი აგენტი გახდება.