ლოჩოშვილის ეფექტური გოლი - ნიურნბერგი ლიდერთან ბრძოლაში დამარცხდა
ლუკა ლოჩოშვილი კარიერაში საუკეთესო თუ არა, ერთ-ერთ საუკეთესო სეზონს ნამდვილად ატარებს და გარდა იმისა, რომ უშუალო მოვალეობას თავს გადასარევად ართმევს, „ნიურნბერგს“ შეტევებში ჩართვითაც ხშირად ეხმარება. ამჯერად კი, გერმანიის მეორე ბუნდესლიგის 21-ე ტურში, საქართველოს ნაკრების ცენტრალური მცველის წინ წასვლა ნაყოფიერი აღმოჩნდა და ლუკამ ეფექტური გოლი გაიტანა. 75-ე წუთზე, როდესაც ბავარიელები ორბურთიანი სხვაობით აგებდნენ და რიცხობრივ უმცირესობაში იყვნენ, მეტოქის საჯარიმოში ჩასულმა ლოჩოშვილმა თანაგუნდელისგან აუტიდან მიიღო ბურთი და ორ მცველთან ბრძოლაში უძლიერესი დარტყმით მეკარეს ახლო კუთხეში გაუტანა.
ლუკამ სრულად ითამაშა და ათბალიანი სისტემით 8.1 მეათედი შეფასება მიიღო. პასები 94-პროცენტიანი სიზუსტით გაანაწილა, ბურთს 65-ჯერ შეეხო და 3-ჯერ დაკარგა, 11-დან 7 ორთაბრძოლა მოიგო და მეტოქე გუნდის ფეხბურთელებს 2 დარტყმა დაუბლოკა. რაც შეეხება უშუალოდ მატჩს, სამწუთიან მონაკვეთში, 26-ედან 29-ე წუთამდე „პადერბორნმა“ მოწინააღმდეგეს ორი გოლი გაუტანა და ლოჩოშვილს არც ერთ შემთხვევაში ბრალი არ მიუძღვოდა. „ნიურნბერგის“ მდგომარეობა კი კიდევ უფრო მაშინ დამძიმდა, როდესაც 51-ე წუთზე რაფაელ ლუბახი გაუძევეს, რის შემდეგაც ერთადერთი, რისი გაკეთებაც ბავარიელებმა შეძლეს, ქართველი მცველის გოლი იყო და საბოლოოდ 1:2 დამარცხდნენ.
21 ტურში დაგროვებული 26 ქულით „ნიურნბერგი“ გერმანიის მეორე ბუნდესლიგის სატურნირო ცხრილში მეცხრე ადგილზეა. ლუკა ლოჩოშვილს კი მიმდინარე ჩემპიონატში 2 გოლი აქვს გატანილი - პირველად მან „ფიურტს“ (2:2) გაუტანა.