გიორგი ჩაკვეტაძე, უოტფორდი, საბა გოგლიჩიძე
Aa
Aa

ჩაკვეტაძის მომენტები, გოგლიჩიძის უიღბლო დებიუტი - უოტფორდის მარცხი

ინგლისის ჩემპიონშიფის 31-ე ტურში გიორგი ჩაკვეტაძისა და საბა გოგლიჩიძის „უოტფორდი“ „საუთჰემპტონს“ ესტუმრა და 0:1 დამარცხდა. ლონდონელებმა ამ მარცხით სატურნირო ცხრილში საქმე გაირთულეს.

შეხვედრა მძიმე გამოდგა და ნაკლები საგოლე მომენტები ვიხილეთ.

გიორგი ჩაკვეტაძე სასტარტოში იმყოფებოდა და მატჩი სრულად ჩაატარა. „ჩაკვე“ აქტიური იყო, განსაკუთრებით პირველ ტაიმში. რამდენიმე მომენტიც შექმნა, გატანა თავადაც შეეძლო და მისი პასის შემდეგ მის გუნდელსაც. მეტოქის მცველს ყვითელი ბარათიც მიაღებინა. ჯამში კი, „უოტფორდმა“ მორიგი ცუდი მატჩი ჩაატარა და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი 3 ქულა დაკარგა.

რაც შეეხება საბა გოგლიჩიძეს, ის მოედანზე მოულოდნელად გამოჩნდა. მისი დღეს თამაში დაგეგმილი არ იყო, თუმცა 70-ე წუთზე ცენტრალური მცველი სტეფან მფუნი დაიმტვრა, მის ნაცვლად კი მოედანზე საბა შევიდა. ეს ცვლილება კუთხურის დროს განხორციელდა და სამწუხაროდ, ზუსტად ამ კუთხურს კაილ ლარინის თავური დარტყმით გოლი მოჰყვა. კანადელმა ფორვარდმა გოგლიჩიძეს პოზიციური ბრძოლა მოუგო და მეკარეს აუღებელი დაურტყა. ჯამში უნდა აღინიშნოს, რომ ქართველი მცველი უშეცდომოდ მოქმედებდა და ყველა ორთაბრძოლის მოგება შეძლო.

„უოტფორდი“ ამ წაგების შემდეგ სატურნირო ცხრილში 44 ქულით მე-8 პოზიციაზე იმყოფება და საპლეიოფო ზონას 3-6 ქულით ჩამორჩება, თუმცა მეტოქეებს ჯერ თავიანთი მატჩები არ ჩაუტარებიათ.

ლონდონელები 32-ე ტურის შეხვედრას 14 თებერვალს, სტუმრად „პრესტონთან“ გამართავენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები