ნეიმარის ტრავმა იმაზე სერიოზულია, ვიდრე ვარაუდობდნენ
ნეიმარის ტრავმა შესაძლოა იმაზე სერიოზული აღმოჩნდეს, ვიდრე ვარაუდობდნენ.
შეგახსენებთ, რომ „სანტოსის“ 34 წლის თავდამსხმელმა, რომელიც ბრაზილიის ნაკრებში 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატისთვის გამოიძახეს, წვივის კუნთი დაიზიანა. ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ის 5-10 დღეს გამოტოვებდა, თუმცა, როგორც ESPN იტყობინება, ბრაზილიის ფეხბურთის კონფედერაციაში მიაჩნიათ, რომ მოთამაშის გამოჯანმრთელებას შესაძლოა იმაზე მეტი დრო დასჭირდეს, ვიდრე ამას მისი კლუბი აცხადებდა. ორგანიზაციაში სურთ, ეროვნული ნაკრების შეკრების დაწყებას (27 მაისს) დაელოდონ, რათა ნეიმარის ფიზიკური მდგომარეობა შეაფასონ.
„სანტოსი“ კვლავ ამტკიცებს, რომ ფორვარდის დაზიანება სერიოზულ ხასიათს არ ატარებს. კლუბში იმასაც კი მიიჩნევენ, რომ ნეიმარმა შესაძლოა მონაწილეობა მიიღოს სამხრეთამერიკული თასის მატჩში „დეპორტივო კუენკას“ წინააღმდეგ 26 მაისს, თუმცა ამის ალბათობა არც ისე მაღალია.
ამასთანავე, სიტუაციაში ჩახედულმა პირებმა ნაკრების წარმომადგენლებს განუცხადეს, რომ ყველაფერი ასე მარტივად არ არის და ფეხბურთელის გამოჯანმრთელებას იმაზე მეტი დრო დასჭირდება, ვიდრე თავიდან ეგონათ.
ამ მომენტისთვის ნეიმარის მონაწილეობა პანამისა და ეგვიპტის ნაკრებებთან ამხანაგურ მატჩებში, რომლებიც შესაბამისად 1-ელ და 6 ივნისს გაიმართება, ნაკლებად სავარაუდოდ მიიჩნევა.