ინტერვიუს დროს მაინც დაიხურა | იეგოიანი და მისი თეთრი ფაფახი ნიდერლანდებში
ნიდერლანდების ჩემპიონატის, ერედივიზიეს 22-ე ტურში ირაკლი იეგოიანის „ექსელსიორმა“ სტუმრად „ბრედა“ 2:0 დაამარცხა. ქართველი ფეხბურთელი საკუთარ გუნდში ერთ-ერთი საუკეთესო იყო და 31-ე წუთზე საოცარი გოლი გაიტანა.
იეგოიანმა მაკრატელა დაარტყა და „ბრედას“ კარი ლამაზ სტილში აიღო. ირაკლის უნდოდა, გოლის აღნიშვნისას თეთრი ფაფახი გამოეყენებინა, მაგრამ შეხვედრის მთავარმა მსაჯმა ამის უფლება არ მისცა. მატჩის შემდეგ იეგოიანი ESPN-ს ესაუბრა და ნიდერლანდელებს განუმარტა, რა არის ფაფახი და მის გამოყენებას რატომ აპირებდა.

„ეს არის ფაფახი — ტრადიციული ქართული ქუდი. ჩემი კულტურის ნაწილია და მებრძოლ სულს განასახიერებს. დაგეგმილი მქონდა, რომ გოლის შემდეგ ფაფახი დამეხურა, მაგრამ მსაჯმა უფლება არ მომცა და არ გამოვიდა“, — განაცხადა იეგოიანმა, რომელმაც ფაფახი ინტერვიუს დროს მაინც დაიხურა.
„ბრედასთან“ მოგებული მატჩის შემდეგ „ექსელსიორს“ 26 ქულა დაუგროვდა. იეგოიანის გუნდი მე-10 ადგილზე იმყოფება და მერვე პოზიციას, რომელიც კონფერენს ლიგის საგზურისთვის ბრძოლის საშუალებას იძლევა, 5 ქულით ჩამორჩება.