ნომერი გამოუქვეყნეს და შეურაცხყოფა მიაყენეს - ფეიენოორდის დირექტორის პრობლემები
როტერდამის საფეხბურთო კლუბ „ფეიენოორდის“ აღმასრულებელი დირექტორი დენის ტე კლოზე სერიოზული პრობლემების წინაშე აღმოჩნდა. ერთი კვირის წინ პრინციპულ მეტოქესთან „პსვ ეინდჰოვენთან“ (0:3) განცდილი მარცხის შემდეგ, რის შემდეგაც ამ კლუბებს შორის ერედივიზიონის სატურნირო ცხრილში ქულათა სხვაობა 17-მდე გაიზარდა, მათი გუნდის ერთ-ერთმა გაბრაზებულმა გულშემატკივარმა ტე კლოზეს მობილური ტელეფონის ნომერი ინტერნეტში გამოაქვეყნა.
როგორ და ვინ მოახერხა ამის გაკეთება, რამდენიმე დღის განმავლობაში დაუდგენელი იყო. ცნობილი მხოლოდ ის გახდა, რომ „ფეიენოოორდის“ დირექტორს უამრავი გაბრაზებული გულშემატკივარი ურეკავდა და პირად შეურაცხყოფას აყენებდა, რის გამოც ეს უკანასკნელი იძულებული გახდა დასახმარებლად პოლიციისთვის მიემართა. ჩატარებული საგამოძიებო სამუშაოების შედეგად ჰააგაში დააკავეს 24 წლის ადამიანი, რომელიც სასამართლოს წინაშე აპრილში წარსდგება. მას ბრალად უცხო პირის პირადი ინფორმაციის გამჟღავნება ედება.
ცნობისათვის, გამოძიება არ დასრულებულა და ამჟამად მიმდინარეობს მოკვლევა ტე კლოზეს მიერ იდენტიფიცირებული ნომრებიდან მიღებული ზარებისა და შეტყობინებების შინაარსთან დაკავშირებით, რის შემდეგაც შესაძლოა პასუხისგებაში ის პირებიც მისცენ, რომლებიც „ფეიენოორდის“ დირექტორს შეურაცხყოფას ტელეფონის საშუალებით აყენებდნენ.