„საქართველომ ბოლო წლებში მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია“ | ჩრდილოეთ ირლანდიის მწვრთნელი
ჩრდილოეთ ირლანდიის საფეხბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, მაიკლ ონილმა, 2026/27 წლების ერთა ლიგის წილისყრის შედეგები შეაფასა. ჩრდილოეთ ირლანდია ჯგუფში საქართველოსთან, უკრაინასთან და უნგრეთთან მოხვდა და ონილმა „ჯვაროსნებზე“ დეტალურად ისაუბრა.
„ბოლო წლებში უკრაინასთან გვითამაშია, თუმცა ისინი 2016 წლის შემდეგ არ დაგვიმარცხებია. შესაბამისად, უკრაინა ჩვენთვის ნაცნობი მეტოქეა. მათ ძლიერი და ტექნიკური გუნდი ჰყავთ, რომლის რიგებშიც დიდ ტურნირებზე თამაშის გამოცდილების მქონე ფეხბურთელები ასპარეზობენ და ვიცით, რომ ორივე შეხვედრაში მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ.
საქართველო, შესაძლოა, ბევრისთვის უცნობი ნაკრები იყოს, თუმცა ბოლო წლებში მათ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწიეს და ძლიერი იდენტობა და თვითრწმენა ჩამოუყალიბდათ. საქართველოს ნაკრების თამაშს საფუძვლიანად გავაანალიზებთ და ამ მატჩებს სრული კონცენტრაციითა და პატივისცემით მივუდგებით.
უნგრეთი ევრო 2016-ს გვახსენებს და მას შემდეგ ამ გუნდს უწყვეტი პროგრესი აქვს. უნგრეთი ფიზიკურად ძლიერი და კარგად ორგანიზებული გუნდია, რომელსაც ყველა პოზიციაზე ხარისხიანი ფეხბურთელები ჰყავს. უნგრეთის საშინაო მატჩებში საოცარი გულშემატკივრობაა, რაც ყოველთვის ყველაფერს ართულებს.
საერთო ჯამში, საინტერესო ჯგუფია. ერთა ლიგა ჩვენთვის ძალიან კონკურენტული და ძვირფასი ტურნირია. თითოეულ მატჩს ამბიციით მივუდგებით, რომ მოწინააღმდეგისთვის რთული მეტოქე ვიყოთ და ჩვენს გულშემატკივრებს ისეთი თამაშები შევთავაზოთ, რომლითაც იამაყებენ.“
ცნობისთვის, პირველი ტურის მატჩები სექტემბერში გაიმართება და მოგვიანებით გაირკვევა, ვინ ვის და როდის შეხვდება. ჯგუფის გამარჯვებულები ერთა ლიგის მომდევნო სეზონისთვის A ლიგაში დაწინაურდებიან, ხოლო მეორეადგილოსნები A ლიგის მესამეადგილოსნებთან პლეი-ოფში იასპარეზებენ. მეოთხე ადგილზე გასული გუნდები C ლიგაში დაქვეითდებიან, მესამეადგილოსნები კი C ლიგის მეორეადგილოსნებთან პლეი-ოფში შეეცდებიან ლიგაში ადგილის შენარჩუნება