„უეფას პოზიცია მკაფიოა“ | ჩეფერინის კომენტარი რუსების შესაძლო დაბრუნებაზე
უეფას პრეზიდენტმა, ალექსანდრ ჩეფერინმა, რუსეთისა და რუსული კლუბების შესაძლო დაბრუნებაზე კომენტარი გააკეთა. ჩეფერინმა განაცხადა, რომ ორგანიზაციის პოზიცია არ შეცვლილა და რუსები ევროტურნირებზე მონაწილეობას ვერ მიიღებენ.
„ჯანი ინფანტინოს განცხადება რუსეთის შესახებ? ზოგადად, სხვა ადამიანების განცხადებებზე კომენტარს არ ვაკეთებ. ვნახე, რაც ინფანტინომ თქვა. მან აღნიშნა, რომ ძალიან ბევრი სიძულვილია და ეს საკითხი შესწავლას საჭიროებს. რა თქმა უნდა, ყველაფრის შესწავლაა საჭირო. ინფანტინო ახალგაზრდებსა და ბავშვებს გულისხმობდა, რომლებმაც ადრე თუ გვიან თამაში უნდა დაიწყონ.
უეფას პოზიცია მკაფიოა და არ შეცვლილა, თუმცა სიტუაციას ყოველდღიურად ვაკვირდებით. მსოფლიო ისე სწრაფად იცვლება, რომ რთულია ყველაფერს თვალი მიადევნო. ვნახოთ, მომავალში რა მოხდება.“
ცნობისთვის, რუსეთი და რუსული კლუბები ევროტურნირებიდან 2022 წლის თებერვლის შემდეგ არიან მოკვეთილნი. ეს გადაწყვეტილება რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრითა და ომის დაწყებით იყო განპირობებული. რაც შეეხება ინფანტინოს, იგი სიტუაციის გადახედვის მომხრეა და მიიჩნევს, რომ პოლიტიკური ლიდერების გადაწყვეტილებების გამო ბავშვები და ახალგაზრდები არ უნდა დაისაჯონ.