ყველაზე აქტიური იყო - კვერნაძის გოლი და ფროზინონეს გამარჯვება
იტალიის სერია B-ს 24-ე ტურში გიორგი კვერნაძის „ფროზინონე“ „აველინოს“ ესტუმრა და მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა - 3:1.
კვერნაძე ტრადიციულად სასტარტოში იმყოფებოდა და მოედანზე 85 წუთი გაატარა. მწვრთნელმა მასიმილიანო ალვინიმ იგი მაშინ შეცვალა, როცა უკვე ანგარიში საბოლოო იყო.
23 წლის ქართველმა ფორვარდმა მორიგი მაღალი დონის შეხვედრა ჩაატარა. მე-16 წუთზე მან ანგარიში გახსნა. უკანა ძელთან მცველებს გაეპარა და საჭირო დროს საჭირო ადგილას აღმოჩნდა, საიდანაც გატანა არ გასჭირვებია. „კვერნამ“ თავისი წვლილი მესამე გოლშიც შეიტანა, როცა პრეასისტი მიითვალა. და ზოგადად, მთელი მატჩის განმავლობაში აქტიური იყო, იგებდა ორთაბრძოლებს და გუნდურად სწორად თამაშობდა.
ამ გამარჯვების შედეგად „ფროზინონემ“ ცხრილში მეორე ადგილი შეინარჩუნა. კვერნაძის გუნდს 49 ქულა აქვს და ლიდერ „ვენეციას“ მხოლოდ ერთით ჩამორჩება. 25-ე ტურის შეხვედრა ასევე სტუმრად ელით, ამჯერად „სპეციას“ წინააღმდეგ.
კვერნაძეს სერია B-ს მიმდინარე სეზონში 7 საგოლე მოქმედება დაუგროვდა. მის ანგარიშზე უკვე 4 გოლი და 3 საგოლე გადაცემაა (1 გოლი იტალიის თასზეც გაიტანა). ქართველი ლეგიონერი გუნდის ერთ-ერთი საკვანძო მოთამაშეც გახლავთ.
შეგახსენებთ, რომ სერია B-დან პირველი ორი ადგილის დამკავებელი გუნდი სერია A-ში პირდაპირ გადადის.