ლადო ბურდული
Aa
Aa

„ჩაკვესთან ერთად და მის გარეშე ორი სხვადასხვა გუნდია“ - ბურდული ნაკრებზე და კენჭისყრაზე

2026 წლის სექტემბრიდან საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები უეფას ერთა ლიგის მორიგ გათამაშებაში ჩაერთვება და შეეცდება ფუტსალის ეროვნული გუნდის მსგავსად, ევროპის ჩემპიონატის საგზური ზედიზედ მეორედ მოიპოვოს. უნგრეთის, უკრაინისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გუნდების სახით „ჯვაროსნებს“ საკმაოდ სერიოზული მეტოქეები შეხვდათ, თუმცა ექსპერტთა, მწვრთნელთა და ვეტერან ქართველ ფეხბურთელთა უმეტესობა თვლის, რომ სათანადო მობილიზების შემთხვევაში, ვილი სანიოლის მომზადებულ ფეხბურთელებს ამ ჯგუფის მოგება შეუძლიათ. იგივე აზრზეა ტყიბულის „მეშახტეს“ დამრიგებელი ლადო ბურდული, რომელმაც Crystalport-თან ინტერვიუში გუშინ გამართული კენჭისყრის შედეგები შეაფასა.

ლადო ბურდული

ალბათ ყველამ თავიდანვე იცოდა, რომ იოლი მოწინააღმდეგეები არ გვეყოლებოდა, რადგან B დივიზიონში ვართ, სადაც ყველა გუნდი უმაღლესი კლასისაა. რაც შეეხება კენჭისყრის შედეგებს, უნგრეთს ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო თაობა ჰყავს. საკმაოდ ძლიერი გუნდია უკრაინის ნაკრებიც, რაც წინა ერთა ლიგაზეც დადასტურდა.

ნებისმიერ შემთხვევაში, ვფიქრობ, რომ ყველა ფეხბურთელის ჯანმრთელად ყოფნისა და სათანადოდ მობილიზების შემთხვევაში, მიზნის მიღწევა შეგვიძლია. ბოლოს და ბოლოს, ამ მოთამაშეებმა ჩეხეთის ნაკრები გაანადგურეს და ევროპის ჩემპიონატზე პორტუგალიას მოუგეს. ეს ფაქტებიც მოწმობს იმაზე, რომ საქართველოს ნაკრები უშანსოდ არასოდეს არავისთან იქნება.

გიორგი ჩაკვეტაძე რომ ეროვნული გუნდისთვის უმნიშვნელოვანესი ფეხბურთელია, ეს სადავო საკითხი არავისთვის არის. გასული წლის შემოდგომაზე თამაშებს რომ ვუყურებდი, სულ ვფიქრობდი, ჩაკვე რომ მოედანზე ყოფილიყო, ყველაფერი სხვანაირად წარიმათებოდა. ერთი რამ ფაქტია - გიორგისთან ერთად და მის გარეშე საქართველოს ნაკრები ორი სხვადასხვა გუნდია.

რაც შეეხება ტყიბულის „მეშახტეს“, თურქეთში ვიმყოფებით და წინასასეზონო ეტაპს ვასრულებთ. ფეხბურთელების ტაქტიკური და ფუნქციონალური მომზადებით კმაყოფილი ვარ. კლუბის პრეზიდენტის ლევან ჯაფარიძის გადადგომის შესახებ აქ შევიტყვე და შემპირდა, რომ როგორცკი ჩამოვალ, შემხვდება, გამესაუბრება და დეტალურად ამიხსნის, თუ როგორი იქნება „მეშახტეს“ მომავალი და რა გველის“.

ცნობისათვის, ლადო ბურდულის ხელმძღვანელობით „მეშახტემ“ Crystalbet ეროვნული საფეხბურთო ლიგის პლეი აუტში ორი მატჩის ჯამში „თელავი“ დაამარცხა და ტყიბულის კლუბმა ელიტის საგზური პირველად მოიპოვა.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
საქართველოდან სამხრეთ კორეაში - ბუღრიძე წასვლის მიზეზებზე
საქართველოდან სამხრეთ კორეაში - ბუღრიძე წასვლის მიზეზებზე