მიულერს გაუსწრო - ნოიერის რეკორდი ბაიერნში
მორიგ „დერ კლასიკერში“ გამარჯვება მანუელ ნოიერს სასიამოვნოდ დაამახსოვრდება. გუშინ „ბაიერნმა“ საკუთარ სტადიონზე „დორტმუნდს“ 2:1 მოუგო, რაც 39 წლის მეკარის კარიერაში გერმანიის ბუნდესლიგაში რიგით 363-ე გამარჯვება იყო, რითაც ყოფილ თანაგუნდელს ტომას მიულერს (362) გაუსწრო და ყველა დროის რეკორდსმენი გახდა.
განსხვავება მხოლოდ ის არის, რომ მსგავს ნიშნულს მიულერმა მხოლოდ „რეკორდმაისტერში“ ასპარეზობისას მიაღწია, მაშინ როდესაც ნოიერმა თამაშების გარკვეული რაოდენობა „შალკეში“ თამაშის დროსაც მოიგო. ასეთი შედეგის ჩვენებისთვის მანუს - 530, ხოლო მიულერს 503 მატჩის გამართვა დასჭირდა.
ნოიერისა და მიულერის შემდეგ ამ კომპონენტით ათეულში ოლივერ კანი (310), მანფრედ კალცი (291), რობერტ ლევანდოვსკი (274), მატს ჰუმელსი (268), ფილიპ ლამი (250), ლოთარ მათეუსი (249), ზეპ მაიერი (249) და კლაუდიო პისარო (248) შედიან.