ჰალეპმა კონტა დაამარცხა, პლიშკოვა კი ტურნირს გამოეთიშა...
Aa
Aa

ჰალეპმა კონტა დაამარცხა, პლიშკოვა კი ტურნირს გამოეთიშა...

მადრიდის კორტებზე მიმდინარე ქალთა საჩოგბურთო ტურნირზე სიმონა ჰალეპი წარმატებულ გამოსვლას აგრძელებს. მსოფლიოს მე-3 ჩოგანმა ბრიტანელი იოჰანა კონტა 2 სეტში დაამარცხა.

ჰალეპი ადრეული ბრეიკით ჩამორჩა, მაგრამ დიდი ბრძოლის შედეგად პირველი სეტი მაინც სათავისოდ დაასრულა, მეორე პარტიაში კი მისი უპირატესობა სრულიად აშკარა იყო - 7:5; 6:1. 27 წლის რუმინელი შემდეგ რაუნდში ვიქტორია კუზმოვას შეხვდება, რომელმაც ტურნირიდან ესპანელი კარლა სუარეს ნავარო გამოთიშა.

დღის მთავარი სენსაცია კაროლინა პლიშკოვასა და კატერინა კოზლოვას მატჩში დაფიქსირდა. ფავორიტად შერაცხულმა მსოფლიოს მე-5 ჩოგანმა, თამაში 3 სეტში - 5:7; 6:2; 4:6 დათმო.

პლიშკოვა საუკეთესო ფორმისგან შორსაა, რაც პირველ წრეში დაიანა იასტრემსკასთან ჩატარებულმა მატჩმაც აჩვენა, რომელიც ჩეხმა უმძიმეს ბრძოლაში მოიგო.

რაც შეეხება სხვა შეხვედრებს, ანგელიკ კერბერმა კორტზე გასვლა ვერ შეძლო და გამარჯვება პეტრა მარტიჩს დაუთმო, დონა ვეკიჩმა კრისტინა პლიშკოვა დაამარცხა, ნაომი ოსაკამ კი სარა სორიბეს ტორმოსთან 3-სეტიანი მატჩი მოიგო, შემდეგ რაუნდში ითამაშებს კაროლინ გარსიაც, რომელმაც სორანა კირსტეას ბარიერი გადალახა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები