Aa
Aa

"მე ამასთან ბრძოლა მიწევს" - ხუაკინ კაპაროსი ქრონიკულ ლეიკემიას ებრძვის

"სევილიას" მთავარმა მწვრთნელმა ხუაკინ კაპაროსმა პრესკონფერენციაზე მოულოდნელი განცხადება გააკეთა. 63 წლის სპეციალისტის თქმით ის კრონიკულ ლეიკემიას ებრძვის.

"კრონიკული ლეიკემია მაქვს და მე ამასთან ბრძოლა მიწევს, თუმცა ეს ჩემს სამუშაოს ხელს ვერ უშლის.

შემიძლია, რომ გუნდი ყოველდღიურად ვავარჯიშო და ჩემი პროფესიისგან სიამოვნება მივიღო. მინდა ყველას მადლობა გადაგიხადოთ თანადგომისთვის".

კაპაროსმა გადაწყვიტა, რომ ამ ამბის დამალვას აზრი აღარ ჰქონდა და "ვალიადოლიდთან" გამარჯვების შემდეგ პრესასთან ყველაფერზე გულახდილად ისაუბრა.

ქრონიკული მიელოიდური ლეიკემია (ქმლ) ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ჰემატოლოგიური სიმსივნეა. არა მხოლოდ გავრცელებული, არამედ კარგად შესწავლილიც. ქრონიკულ მიელოიდურ ლეიკემიას ერთი უცნაურობა ახასიათებს: ჯერ ქრონიკული ფორმით მიმდინარეობს და მერე მწვავდება, რაც ნიშნავს, რომ საწყის ეტაპზე ის მწვავე ლეიკემიებზე გაცილებით ნელა პროგრესირებს.

შეგახსენებთ, რომ "სევილიასთვის" ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როდესაც კლუბის მთავარ მწვრთნელს ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემა ექმნება. შარშან ანდალუსიელთა არგენტინელ თავკაცს ედუარდო ბერისოს ადრეული სტადიის პროსტატის სიმსივნე დაუდგინეს, თუმცა ყველაფერი კარგად დასრულდა და ის ამჟამად ჯანმრთელადაა.

მოულოდნელი კი ის გახლდათ, რომ "სევილიამ" ბერისო გამოჯანმრთელების შემდეგ თანამდებობიდან დაითხოვა. უცნობია თუ რა ბედი ელის ამჯერად ხუაკინ კაპაროსს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები