გუნდთან ერთად ივარჯიშა - ქვილითაიას დებიუტი ახლოვდება
გერმანულმა „ჰოლშტაინ კილმა“, რომლის ღირსებასაც საქართველოს ნაკრების ფორვარდი გიორგი ქვილითაია იცავს, ბუდუ ზივზივაძის „ჰაიდენჰაიმთან“ მატჩისთვის მზადება დაიწყო და, როგორც, გერმანული გამოცემა SHZ წერს, ქვილითაიას ოფიციალური დებიუტი შესაძლოა უახლოეს ტურში შედგეს.
„კილი“ გასვლითი მატჩისთვის მზადებას კასპერ დავიდსენისა და იკემ უგოს გარეშე იწყებს. დავიდსენს მუხლის მცირე ტრავმა აქვს, უგო კი კვლავ ინფექციას ებრძვის. თუმცა არსებობს მოლოდინი, რომ სათამაშოდ მზად იქნება გიორგი ქვილითაია.
ქართველმა ფორვარდმა, რომელმაც სეზონისწინა მომზადების დროს კუნთის ტრავმა მიიღო, გუნდთან ერთად ვარჯიშის დიდი ნაწილი ჩაატარა. არაა გამორიცხული, რომ „ჰაიდენჰაიმთან“ მან რამდენიმე წუთი ითამაშოს“.
ცნობისთვის, გიორგი ქვილითაია „კილს“ ფრანგული „მეციდან“ შეუერთდა, სადაც გასული სეზონის მეორე ნაწილი გაატარა და 10 მატჩში 2 გოლი გაიტანა.
აქვე გეტყვით, რომ „კილს“ 4 ტურის შემდეგ მხოლოდ 3 ქულა აქვს. ქვილითაიას გუნდი სატურნირო ცხრილის მე-16 ადგილზეა. ჰაიდენჰაიმი-კილის მატჩი 13 სექტემბერს, თბილისის დროით 15:30 საათზე გაიმართება.