რონალდუმ დანაშაული აღიარა! კრიშტიანუს 23 თვიანი პატიმრობა ემუქრება?
ტურინის „იუვენტუსის“ ფეხბურთელი, კრიშტიანუ რონალდუ, მადრიდის სასამართლოს წინაშე წარსდგა. პორტუგალიელ სუპერვარსკლავს ესპანელი პროკურორები გადასახადების დამალვას ედავებოდნენ.
33 წლის შემტევმა დანაშაული აღიარა და 18.8 მილიონი ევროს გადახდა მოუწევს. რონალდუს თავისუფლების 23 თვით აღკვეთაც შეეფარდა, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ კანონი პირველად დაარღვია და თან არაძალადობრივი დანაშაული ჩაიდინა, ციხეში დროის გატარება არ ემუქრება.

სხდომა 40 წუთს გაგრძელდა. მოსამართლეს საკუთარი პოზიცია ორივე მხარემ წარუდგინა და საბოლოო გადაწყვეტილება დღის ბოლოს გასაჯაროვდება. პორტუგალიელი მოთამაშის ადვოკატებმა რამდენიმე მოთხოვნა წამოაყენეს, მაგრამ სასამართლომ არცერთი დააკმაყოფილა. მათ სურდათ სხდომაზე ვიდეოთი ჩართვაზე და სასამართლოს მიმდებარე ტერიტორიაზე მანქანით მისვლის საკითხზე თანხმობა მიეღოთ, თუმცა არაფერი გამოუვიდათ.
რონალდუსთან ერთად სასამართლოში ჩაბი ალონსოც გამოცხადდა. კრიშტიანუსგან განსხვავებით ბრალის დამკტიცების შემთხვევაში ამ უკანასკნელს თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

თავდაპირველად რონალდუს 14.7 მილიონი ევროს დამალვას ედავებოდნენ, თუმცა მოგვიანებით ეს თანხა 5.7 მილიონ ევრომდე შემცირდა. შეთანხმების წყალობით, რომელიც რონალდუს ადვოკატებსა და პროკურორებს შორის შედგა, პორტუგალიელმა თავიდან სერიოზული პრობლემები აირიდა. საქმის განხილვა რომ დაწყებულიყო „იუვეს“ სუპერვარსკლავს სასამართლო დარბაზებში დიდი დროის გატარება მოუწევდა.
რაც შეეხება ჩაბი ალონსოს. „ლივერპულის“ ყოფილ ნახევარმცველს ესპანელი სამართალდამცავები 4 მილიონი ევროს დაბრუნებას სთხოვენ და მისთვის 5 წლიანი პატიმრობის შეფარდების წინადადებით გამოდიან.

ასევე იხილეთ - ზაზა ფაჩულიას ღირსეული ჟესტი