ზაზა ფაჩულიას ღირსეული ჟესტი
ზაზა ფაჩულიას „დეტროიტმა“ NBA-ში მორიგი შეხვედრა „ვაშინგტონ უიზარდსის“ წინააღმდეგ გამართა. სამწუხაროდ „პისტონსმა“ წარმატებას ვერ მიაღწია და უშანსოდ, 101-87, დამარცხდა.
„ვაშინგტონთან“ ჩატარებული შეხვედრა გამორჩეული სხვა რამით გამოდგა. "უიზარდთან" ჯახს ავღანეთის სამშვიდობო მისიაში დაჭრილი უფროსი ლეიტენანტი, ივერი ბუაძე, დაესწრო. აშშ-ში საქართველოს საელჩოს ინფორმაციით, იგი საპატიო სტუმრის სტატუსით “დეტროიტ პისტონსის”მოთამაშემ, ზაზა ფაჩულიამ მიიწვია.
ქართველი გმირი ადგილობრივი რეჟისორების ყურადღების ცენტრში მოექცა და მის შესახებ კომენტატორებმაც ისაუბრეს. მათ ფაჩულიას ინიციატივას ღირსეული უწოდეს და ბუაძეს სწრაფი გამოჯანმრთელება უსურვეს.
რაც შეეხება უშუალოდ მატჩს და ზაზას მონაგარს, ქართველმა კალათბურთელმა გუნდს 4 ქულა, 3 მოხსნა, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება შესძინა. ფაჩულიამ 5 პერსონალური ფოლი მიიღო და ბურთი ორჯერ დაკარგა.
“დეტროიტისთვის” აღნიშნული მარცხი 26-ე გამოდგა. „პისტონსი“ პლეიოფის საგზურისთვის იბრძვის და აღმოსავლეთ კონფერენციის მეცხრე ადგილს იკავებს.