''იუვენტუსის'' ახალი სამიზნე - იტალიის ჩემპიონს უილშირი სურს
Aa
Aa

''იუვენტუსის'' ახალი სამიზნე - იტალიის ჩემპიონს უილშირი სურს

საფეხბურთო კლუბ ლონდონის ''არსენალში'' გატარებული 17-წლიანი პერიოდის შემდეგ ჯეკ უილშირი შესაძლოა სერია ა-ს ჩემპიონის შემადგენლობაში ჩაირიცხოს. ბრიტანული მედიის ცნობით იტალიური გრანდი ინგლისელი ნახევარმცველის გადაბირებისთვის იბრძოლებს.

ტურინელები უილშირის ხელში ჩაგდებას უფასოდ შეძლებენ, რადგან მოთამაშე თავისუფალი აგენტია. ფეხბურთელმა ''მეთოფეები'' ახალ მთავარ მწვრთნელ უნაი ემერთან საუბრის შემდეგ დატოვა, რადგან ესპანელის გეგმებში 26 წლის ნახევარმცველი არ შედიოდა.

ჯეკ უილშირთან კონტრაქტის გაფორმება ინგლისის პრემიერლიგის რამდენიმე კლუბს სურს. მათ შორის არიან პრემიერლიგაში აღზევებული ''ვულვზი''  და ''კრისტალ პალასი.'' Sun-ის ცნობით პრემიერლიგის კლუბები უილშირს ყოველკვირეული ხელფასის სახით 100 000 ფუნტი სტერლინგს სთავაზობენ. მისი დამატების საკითხს ''ვესტ ჰემიც'' განიხილავს.

გასულ სეზონში უილშირმა ''არსენალის'' მაისურით 29 მატჩი ჩაატარა, მაგრამ პრემიერლიგის მხოლოდ 12 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

გასული სეზონის მიმდინარეობისას ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ  "მილანი" ლონდონის "არსენალის" ნახევარმცველ ჯეკ უილშირთან მოლაპარაკებების დაწყებას გეგმავდა, თუმცა დაინტერესებას გაგრძელება არ მოჰყოლია.

ქალაქ სტივენიჯში დაბადებული უილშირი 9 წლის ასაკიდან ლონდონის ''არსენალის'' საფეხბურთო სკოლაში ირიცხებოდა. 2008-18 წლებში არსენ ვენგერის ხელმძღვანელობით ძირითად გუნდში თამაშობდა. 2010 წელს ''ბოლტონში'' გაანათხოვრეს, 2016-17 წლების სეზონში კი - ''ბორნმუთში.''

უილშირის ანგარიშზე პრემიერლიგაში ჩატარებულ 166 მატჩში 8 გოლი და 17 საგოლე გადაცემაა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები